Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბოლოო სია - საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა ცნობილია


23 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პერსონალური შემადგენლობა დაასახელა. კომისიას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმუშავებს, სულ 73 წევრი ეყოლება - უმრავლესობის, უმცირესობის, არასაპარლამენტო ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და მოწვეული ექსპერტების სახით. კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და უშიშროების საბჭოს მდივანი. კომისიის პირველი სხდომა 24 დეკემბერს დაინიშნა.

გადმოწერა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დაკომპლექტების პროცესი დასრულებულია. სულ 73 წევრი - პარლამენტის თავმჯდომარემ და, ამავე დროს, კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ კომისიის საბოლოო შემაგენლობა 23 დეკემბერს დღის მეორე ნახევარში დაასახელა. კომისიის შემადგენლობაში შედიან საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა“ წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატი, შესაბამისი კვოტით. წევრები ოთხმა არასაპარლამენტო პარტიამაც წარმოადგინა, ესენი არიან : „თავისუფალი დემოკრატები“, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“ და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“:

„ეს პარტიები წარმოდგენილი იქნებიან თავისი წევრებით - შალვა შავგულიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გიორგი გუგავა და ნიკა მაჭუტაძე. სამწუხაროა,რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია თავს იკავებს კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ისინი მოგვიანებით ჩაერთვებიან სამუშო პროცესში“.

კომისიაში შედიან კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები და, რა თქმა უნდა, სამოქალაქო სექტორის წევრები, მაგალითად, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები. დაცულია ძალთა ბალანსიც და ვერანაირად ვერ მოხდება ცალმხრივი ინტერესების გატარება...
არჩილ თალაკვაძე

კომისიაში შევლენ „საიას“, „სამართლიანი არჩევნების“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „ღია საზოგადოება - საქართველოს“, „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“, „მრავალეროვანი საქართველოს“, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წარმომადგენლები.

„ასევე, ექსპერტების რანგში კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ რატი ბრეგაძე, ვასილ გონაშვილი, ავთანდილ დემეტრაშვილი, ვახუშტი მენაბდე, შალვა პაპუაშვილი, ზაზა რუხაძე, მინდია უგრეხელიძე, თენგიზ შარმანაშვილი, ვახტანგ ძაბირაძე, ჯონი ხეცურიანი, ვახტანგ ხმალაძე. კომისიის მდივანი იქნება თამარ ჩუგოშვილი, პალამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილე“.

როგორც ცნობილია, კომისიის წევრობა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსაც შესთავაზეს, მაგრამ მან ამჯერად უარი განაცხადა შეთავაზებაზე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ძალთა ბალანსი დაცული იქნება:

„კომისიაში შედიან კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები და, რა თქმა უნდა, სამოქალაქო სექტორის წევრები, მაგალითად, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები. დაცულია ძალთა ბალანსიც და ვერანაირად ვერ მოხდება ცალმხრივი ინტერესების გატარება“.

არჩილ თალაკვაძე თავადაც იქნება კომისიის წევრი მამუკა მდინარაძესთან, თამარ ჩუგოშვილსა და „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატებთან ერთად. უმრავლესობიდან კომისიაში სულ 23 დეპუტატი შევა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში იქნებიან გიორგი ტუღუში, ოთარ კახიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, სერგი კაპანაძე, სალომე სამადაშვილი, მამუკა ჩიქოვანი, ირაკლი აბესაძე. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი პირველი, რის შეცვლაზეც საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იზრუნოს, საარჩევნო კანონმდებლობაა.

„ჩვენი მოწოდება სწორედ ეს არის ხელისუფლების და სხვა პარტიების, ასევე არასამთავრობოების მიმართ, რომ პრიორიტეტად ამ საკითხზე მუშაობა ვაქციოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი აქტიური მონაწილეობა ამ კომისიაში“, განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ყველაზე დიდი კითხვის ნიშნის შემცველი რამ: კომისია იქმნება 23 დეკემბერს და 30 აპრილს უკვე პროდუქტი უნდა დაიდოს. 4 თვეში უნდა მოხდეს კონსტიტუციური რეფორმა...
მამუკა კაციტაძე

გავიხსენოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვა, ამის მიზეზი კი, მისი სიტყვებით, არის ის, რომ „კომისია უნდა იქმნებოდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და კონსულტაციების საფუძველზე, რაც, სამწუხაროდ, მიუხედავად მისი არაერთი შეთავაზებისა, არ შედგა“.
არასაპარლამენტო ოპოზიციაში საკონსტიტუციო კომისიის დაკომპლექტების წესს აპროტესტებენ და ფიქრობენ, რომ მისი მუშაობა თავიდანვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან უმრავლესობა „ქართული ოცნების“ წევრია. ასე ფიქრობს კახა კუკავა, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე:

„ეს იქნება არა შეთანხმებაზე ორიენტირებული მუშაობა, არამედ სუბორდინაციული წესით, დიქტატის წესით მიღებული ერთი ადამიანის კაპრიზების გაფორმება“.

საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებას ფართო პოლიტიკური ნება სჭირდება, - ასე ფიქრობს კიდევ ერთი პოლიტიკოსი არასაპარლამენტო ოპოზიციიდან, მამუკა კაციტაძე. ეს ნება არსებობდა ყველა პოლიტიკურ ძალასა თუ სამოქალაქო სექტორში, ამბობს ის, მაგრამ შედეგად მაინც „ქართული ოცნებით“ დაკომპლექტებული კომისია მივიღეთ:

„გაურკვეველი კვოტებით, 23 კაცი თვითონ, 6 კაცი ვიღაც პარტიიდან, 2 კიდევ სხვა პარტიიდან, სამოქალაქო სექტორი და ექსპერტები, ზოგადად წერია, მათაც შევიყვანთო, მაგრამ რა რაოდენობით, იქ ზოგადად წერია, და ყველაზე დიდი კითხვის ნიშნის შემცველი რამ: კომისია იქმნება 23 დეკემბერს და 30 აპრილს უკვე პროდუქტი უნდა დაიდოს. 4 თვეში უნდა მოხდეს კონსტიტუციური რეფორმა, მაშინ როდესაც თვეები და წლები მუშაობენ რეფორმაზე, ზოგადად. თუ საუბარია რეფორმაზე, მაშინ საუბარია არასერიოზულ მიდგომაზე, თუ არ არის საუბარი რეფორმაზე და ცალკეული ცვლილებები იგულისხმება, მაშინ ამას არ სჭირდება კომისია“.

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მზად არის სახალხო დამცველიც. უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ომბუდსმენი წინა კომისიის შემადგებლობაშიც შედიოდა და ამჯერადაც ექნება ინიციატივები კონკრეტულ საკითხებზე.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG