ირანში დაიწყო სამდღიანი გლოვა ყოფილი პრეზიდენტის, აკბარ ჰაშემი რაფსანჯანისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. რაფსანჯანი 1989-1997 წლებში იყო ირანის პრეზიდენტი და 8 იანვარს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო ასევე ექსპერტთა საბჭოს წევრი. ექსპერტთა საბჭო არის ირანელი სასულიერო პირების უმაღლესი ორგანო, რომელსაც ევალება ირანის უზენაესი ლიდერი არჩევა, ან, თუ საჭიროა, დათხოვნა. რაფსანჯანის დაკრძალავენ 10 იანვარს, რომელიც უქმე დღედ გამოცხადდა. ის მიჩნეული იყო „პრაგმატულ კონსერვატიულ“ ლიდერად, დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მხარდამჭერად. თუმცა, როგორც ირანელმა იურისტმა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა შირინ ებადიმ ჩვენი რადიოს ირანულ სამსახურთან საუბრისას აღნიშნა, რაფსანჯანიმ, სულ ცოტა, იცოდა მაინც მისი პრეზიდენტობის დროს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის შესახებ. ამდენად, ადამიანის უფლებების მხრივ, მისი მმართველობა ნამდვილად არ იყო პოზიტიურიო, ამბობს შირინ ებადი.
ყველაზე პოპულარული
1