დღეს რუსეთის ქალაქ კიროვში განახლდა აქტივისტისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი. ის მანდატურების თანხლებით დღეს გადაიყვანეს კიროვის ოლქში. მანდატურებმა შეასრულეს სასამართლოს 31 იანვრის განკარგულება, რომლის თანახმადაც მათ უნდა უზრუნველეყოთ ნავალნის გადაყვანა მოსკოვიდან 800 კილომეტრით დაშორებულ კიროვში, თუმცა ნავალნის უკვე შეძენილი ჰქონდა თვითმფრინავის ბილეთი. სასამართლოს ეს ბრძანება გამოიცა მას შემდეგ, რაც ნავალნი და მასთან ერთად ბრალდებული პიოტრ ოფიცეროვი არ დაესწრნენ სასამართლოს წინა ორ სხდომას. ოფიცეროვი, რომელიც სასამართლოს ამ განკარგულების გამოქვეყნებისას მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა, კიროვში ნავალნისთან ერთად ჩაიყვანეს. ხელახალი სასამართლო პროცესი დაიწყო 2016 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა კიროვის სასამართლოს მიერ 2013 წელს გამოტანილი განაჩენი, რომლის თანახმადაც ნავალნისა და ოფიცეროვს ბრალი დასდეს დიდძალი სახელმწიფო სახსრების მიტაცებაში.
ყველაზე პოპულარული
1