Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის პირობითი სასჯელი ემუქრება, მაგრამ მაინც არ აპირებს, უარი თქვას საპრეზიდენტო არჩევნებზე


რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ არ შეწყვეტს კამპანიას საპრეზიდენტო არჩევნებისათვის არც იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მას, ბრალდების მხარის მოთხოვნით, ხუთწლიან პირობით სასჯელს შეუფარდებს. ამის შესახებ ნავალნიმ გამოაცხადა ქალაქ კიროვში, სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა რწმენა, რომ სამართლებრივი დევნის მიზანია, ხელი ააღებინონ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობაზე. ნავალნიმ რუსეთის ხელისუფლება მოიხსენია „პუტინის ბანდად“, რომელიც ხალხს ჰპარავს რუსეთის სიმდიდრეს. ნავალნის განაჩენს 8 თებერვალს გამოაცხადებენ. ნავალნი და ბიზნესმენი პიოტრ ოფიცეროვი 2013 წელს გაასამართლეს დიდი რაოდენობით ფულის მითვისების ბრალდებით. მათ პირობითი სასჯელი შეუფარდეს, მაგრამ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერდიქტი არაკანონიერად მიიჩნია. მისი გაუქმების შემდეგ, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ნავალნისა და ოფიცეროვის საქმის ხელახლა განხილვის შესახებ. ნავალნი უარყოფს ბრალდებას. რუსეთის სასამართლოს პრაქტიკაში იშვიათია გამამართლებელი განაჩენები ოპოზიციონერებისა და უფლებადამცველი აქტივისტების სასარგებლოდ, რის საფუძველზეც ნავალნი ვარაუდობს, რომ მას დამნაშავედ სცნობენ. კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლმა ამ აქტივისტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2011-2012 წლებში მთავრობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო ტალღის აგორებაში.

XS
SM
MD
LG