Accessibility links

აშშ-ის სასამართლომ უარყო იუსტიციის სამინისტროს აპელაცია ტრამპის შემოღებული სავიზო აკრძალვის აღდგენის თაობაზე


სან-ფრანცისკოში ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ უარყო იუსტიციის სამინისტროს მიერ სასწრაფო წესით შეტანილი აპელაცია, რომლის თანახმადაც დაუყოვნებლივ უნდა აღდგენილიყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანება შვიდი უმეტესად მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ლტოლვილებისთვის აშშ-ში შესვლის დროებით აკრძალვის შესახებ. სან-ფრანცისკოს სასამართლომ ვაშინგტონის შტატს და ტრამპის ადმინისტრაციას მოსთხოვა მეტი არგუმენტაციის წარდგენა 6 თებერვლამდე. რეგიონული სასამართლოს მოსამართლემ, ჯეიმს რობარტმა 3 თებერვალს გვიან საღამოს გამოსცა გადაწყვეტილება, რომ ტრამპის ბრძანების აღსრულება უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ სასამართლო მის შესახებ საქმეს განიხილავს. იუსტიციის სამინისტრომ ამის პასუხად თქვა, რომ მოსამართლის განჩინება შეიცავდა ვარაუდებს პრეზიდენტის მიერ ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე და ზიანს აყენებდა საზოგადოებას ამ ბრძანების შესრულებისთვის წინაღობის შექმნით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტვიტერით, მწვავე მესიჯით გამოეხმაურა მოსამართლე რობარტს - მას უწოდა "ეგრეთ წოდებული“ მოსამართლე და მის „მოსაზრებას“ – „სასაცილო“. ტრამპის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება გაუქმებულ იქნება. ტრამპი მის მიერ 27 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებას ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით ამართლებს, მაგრამ ოპონენტები აცხადებენ, რომ ის არაკონსტიტუციურად იღებს მიზანში ადამიანებს მათი რელიგიიდან გამომდინარე. ტრამპის ბრძანება ირანის, ერაყის, ლიბიის, სომალის, სუდანის, სირიის და იემენის მოქალაქეებს 90 დღის განმავლობაში უკრძალავს ქვეყანაში შესვლას, 120 დღით კრძალავს ლტოლვილების შეშვებას და განუსაზღვრელი დროით კრძალავს სირიელი ლტოლვილების მიღებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG