Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში დააკავეს უკრაინელი მილიარდერი დმიტრო ფირტაში


ვენაში დააკავეს უკრაინელი მილიარდერი დმიტრო ფირტაში, როცა ის სასამართლოს შენობას ტოვებდა. რამდენიმე წუთით ადრე ვენის სასამართლომ გადაწყვიტა მისი ექსტრადიცია შეერთებულ შტატებში, მექრთამეობის ბრალდების საფუძველზე. ფირტაში უარყოფს ბრალდებას. ავსტრიის პროკურატურის პრესმდივნის განმარტებით, ფირტაშის დაკავება არ უკავშირდება სასამართლოს გადაწყვეტილებას აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ, რადგან დაკავება მოჰყვა დაპატიმრების ევროპულ ორდერს, რომელიც ეხება ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულისა და ფულის უკანონო გათეთრების ბრალდებებს. ვენის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ბევრისათვის იყო მოულოდნელი: მან გააუქმა ორი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც უარი თქვა აშშ-ში ფირტაშის ექსტრადიციაზე და „პოლიტიკურად მოტივირებულად“ მიიჩნია ექსტრადიციის მოთხოვნა. 51 წლის ფირტაში, რომელიც ერთ დროს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მოკავშირე იყო, კომპანია „როსუკრენერგოს“ მეწილეა. შვეიცარიაში დარეგისტრირებული ეს კომპანია ეწევა გაზის ექსპორტს თურქმენეთიდან აღმოსავლეთ ევროპაში. აშშ-ში სასამართლომ მას 2012 წელს წაუყენა ბრალდება, რომ ქრთამის სახით გადაიხადა 18,5 მილიონი დოლარი, ინდოეთში ტიტანის მაღაროს ექსპლუატაციის ნებართვის მისაღებად.

XS
SM
MD
LG