Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“-ისთვის დავა სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდება


"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები
"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 60 პროცენტის მესაკუთრედ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და დარჩენილი 40 პროცენტის მესაკუთრედ შპს „პანორამას“ გამოცხადების შესახებ ტელეკომპანიის ფაქტობრივი მფლობელები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ სამივე ინსტანციის სასამართლომ საქართველოში ხელისუფლების უხეში ჩარევით გამოიტანა მოპასუხე მხარის საწინააღმდეგო განაჩენი და სამართლებრივი დავაც უკვე საერთაშორისო მექანიზმის ჩარევით უნდა გაგრძელდეს. რას გეგმავენ „რუსთავი 2“-ის ძველი და ახალი მფლობელები და როგორ წარიმართება სამართლებრივი პროცესი?

გადმოწერა

„რუსთავი 2“-ის მფლობელები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს უახლოეს მომავალში მიმართავენ. სარჩელით, რომელიც მზადების პროცესშია, ისინი საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2 მარტის გადაწყვეტილების შეცვლას და „რუსთავი 2“-ის მოქმედი მფლობელებისთვის საკუთრების უფლების აღდგენას მოითხოვენ. თუმცა, როგორც ბიზნესმენი გიორგი ყარამანაშვილი ამბობს მოდავე მხარის სახელით, სასურველია, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ სარჩელის შეტანამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეაჩეროს:

“ჩვენი უფლების დასაცავად მივმართავთ ყველა დარჩენილ სამართლებრივ გზას. მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, დაუყოვნებლივ განიხილოს ჩვენი სარჩელები; მივმართავთ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს, სარჩელის შეტანამდე გამოიყენოს დროებითი ღონისძიება და შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება“.

ყველა სხვა შემთხვევაში ასეთი საკითხის დაყენება, რომ „რუსთავი 2“-ის მიმართ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების და, მით უფრო, პლენუმის გადაწყვეტილების შეჩერება მოხდეს, მე ვფიქრობ, თუ პრეცედენტული ახალი რაიმე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, პრაქტიკა ისეთია, რომ ასეთი რამ არ ხდება...
ლია მუხაშავრია

„რუსთავი 2“-მა უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თხოვნით სტრასბურგის სასამართლოს უკვე მიმართა, თუმცა, ვინაიდან აღნიშულ სასამართლოში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ამ ნორმის აქამდე გამოყენების პრაქტიკა არ ყოფილა, ტელევიზიაში შანსებს ოპტიმისტურად არ აფასებენ.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე დროებითი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს ადვოკატი ლია მუხაშავრიაც. იგი ამბობს, რომ ეს არის მკაცრად განსაზღვრული პროცედურა, რომელიც მაშინ გამოიყენება, როცა პირის სიცოცხლეს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება, ანუ როდესაც ექსტრადიციას მოჰყვება პირის იმ ქვეყანაში დასჯა, სადაც მისი ექსტრადირება ხდება. მეორე გამონაკლისი, როდესაც სასამართლო 24 საათის განმავლობაში დროებითი შეჩერების ღონისძიებას მიმართავს, მისი განმარტებით, არის გარემოება, როდესაც ექსტრადიციის შემთხვევაში პირი წამების მსხვერპლი შეიძლება გახდეს.

“ყველა სხვა შემთხვევაში ასეთი საკითხის დაყენება, რომ „რუსთავი 2“-ის მიმართ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების და, მით უფრო, პლენუმის გადაწყვეტილების შეჩერება მოხდეს, მე ვფიქრობ, თუ პრეცედენტული ახალი რაიმე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, პრაქტიკა ისეთია, რომ ასეთი რამ არ ხდება, იმიტომ რომ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სასამართლოს ხაზგასმით აქვს ნათქვამი, რომ მედია არის დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი, ასეთ პირდაპირ ჩარევას ევროსასამართლო, მე ვფიქრობ, არ განახორციელებს“, ამბობს ლია მუხაშავრია.

ადვოკატი თამთა მურადაშვილი კი, თავის მხრივ, დასძენს, რომ „რუსთავი 2“ ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენებას ცდილობს. მისივე თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გარდა, სამართლებრივი დავის ერთ-ერთ მთავარ შემადგენლად რჩება ასევე საკონსტიტუციო სასამართლო:

“გარკვეულწილად ბერკეტად რჩება საკონსტიტუციო სასამართლო, რომელშიც შეტანილი გვაქვს საჩივრები, რომლებიც ორჯერ იქნა განხილული. ფაქტობრივად, უკვე მესამე შემადგენლობა იხილავს ამ საქმეს. მოლოდინში ვართ. შესაძლებელია მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილება, რომ სასამართლომ თქვას, რომ ის ნორმა, რომელსაც ურთმელიძე დაეყრდნო და განმარტა, იყო ანტიკონსტიტუციური“.

’რუსთავი 2’ არ არის, უბრალოდ, ბიზნესი, ისევე როგორც ნებისმიერი მედია. არ არის, უბრალოდ, ბიზნესი და ის წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან შემადგენელს, ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა...
გიორგი მარგველაშვილი

„რუსთავი 2“-ის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში ეგრეთ წოდებული ამორალური გარიგების საფუძველზე ქიბარ ხალვაშის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას შეეხება. „რუსთავი 2“, როგორც მოსარჩელე მხარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მისი სარჩელების დაუყოვნებლივ განხლვისაკენ მოუწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაციები, 19 ორგანიზაციის შემადგელობით, საგანგებო განცხადებაში მიუთითებენ, რომ სამივე ინსტანციაში სასამართლომ ვერ უპასუხა სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს და გაამყარა ეჭვები გადაწყვეტილების პროცესში ხელისუფლების უხეში ჩარევის შესახებ. თავის მხრივ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში პლურალისტური მედიაგარემოსა და, მათ შორის, „რუსთავი 2“-ის, როგორც კრიტიკული ტელევიზიის, არსებობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტმა:

„’რუსთავი 2’ არ არის, უბრალოდ, ბიზნესი, ისევე როგორც ნებისმიერი მედია. არ არის, უბრალოდ, ბიზნესი და ის წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან შემადგენელს, ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. კრიტიკული და განსხვავებული აზრის დაფიქსირება კი დემოკრატიული საზოგადოებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ორი წლის განმავლობაში მის მიერ გამართული საერთაშორისო დონის შეხვედრებზე მედიის დამოუკიდებლობა და პლურალიზმი მუდმივად ხვდება ყურადღების ცენტრში.

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2 მარტის გადაწყვეტილებას მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მათ შორის, ამერიკისა და საფრანგეთის საელჩოებიდან, ევროკავშირიდან, „ფრიდომ ჰაუსიდან“ და სხვა. აღინიშნა, რომ შემაშფოთებელია თავისუფალი მედიაგარემოს შეზღუდვის საფრთხე, რომელიც „რუსთავი 2“-ის მიმართ გამოტანილმა სასამართლო გადაწყვეტილებამ გააჩინა.

"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია ტელევიზიის შენობასთან
please wait

No media source currently available

0:00 0:02:22 0:00

„რუსთავი 2“-ის მესაკუთრის შეცვლის ფაქტზე საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობამაც. განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ იგი აფასებს და იცავს მედიის თავისუფლებას და ყველაფერს აკეთებს პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად. ამავე განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანიის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ქიბარ ხალვაში კი, თავის მხრივ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის, სავარაუდოდ, 6 მარტს წარადგენს, რასაც ერთ სამუშაო დღეში მოჰყვება წილების ასახვა სასამართლოს მიერ დადგენილ მესაკუთრეებზე. ახალი მესაკუთრეები იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილების ძალისმიერი აღსრულება არ გახდება საჭირო. ცნობილია ისიც, რომ ქიბარ ხალვაში არ ღებულობს „რუსთავი 2“-ის გერენარლური დირექტორის, ნიკა გვარამიას, შეთავაზებას და არ აპირებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მოქმედ კოლექტივს მიჰყიდოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG