Accessibility links

პრემიერმა „ძალიან მძიმე პროვოკაცია“ უწოდა ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებს


გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ძალიან მძიმე პროვოკაცია უწოდა ბათუმში, გასული კვირის ბოლოს განვითარებულ მოვლენებს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ნაბიჯი გადადგა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. “არავის უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილის ელფერს ატარებდა“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა მოთმინებისა და ვაჟკაცობისთვის მადლობა გადაუხადა პოლიციელებს და აჭარის და ცენტრალური მთავრობების წარმომადგენლებს. „მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, რომლის მოზომილი, მოთმინებული და შეწყობილი მოქმედებების შედეგად შევძელით, რომ თავი ავარიდეთ ძალიან სერიოზულ პროვოკაციას და მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე 11 მარტს საღამოს დაწყებული აქცია, რომელიც საპატრულო პოლიციის მიერ მოქალაქის დაჯარიმებას მოჰყვა, რამდენიმე საათში გადაიზარდა მასობრივ არეულობაში. მისმა მონაწილეებმა პოლიციის სამმართველოს შენობას ქვები დაუშინეს, დაწვეს რამდენიმე ავტომანქანა და დააზიანეს ინფრასტრუქტურა. ვითარება სპეცრაზმის ჩარევის შედეგად განიმუხტა. მასობრივი არეულობისას დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის პოლიციელები.

საქართველოს სახალხო დამცველის პირველადი მოკვლევის შედეგებით, ბათუმში, 11-12 მარტის საპროტესტო გამოსვლებისას პოლიციამ დააკავა 75 პირი - ამის შესახებ დღეს ბათუმში, ჟურნალისტებს განუცხადა ომბუდსმენის წარმომადგენელმა, ციალა ქათამიძემ. მისი ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ 30 პირს. მასობრივი არეულობის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებულნი და მათ საქმეებს განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო. დღეს სასამართლომ 250-250 ლარით დააჯარიმა საპროტესტო გამოსვლების 4 მონაწილე. ისინი დამნაშავედ ცნეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში. ამასთან, სამართალდამცავები გამოძიებას და მტკიცებულებების მოპოვებას განაგრძობენ და გამორიცხული არ არის, რომ ზოგიერთი პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG