Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არეულობა ბათუმში - პოლიციელებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირებით დასრულებული კვირა


არეულობა ბათუმში
არეულობა ბათუმში

შაბათ საღამოს ვითარება მოულოდნელად დაიძაბა ქალაქ ბათუმში, სადაც პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციაში გადაიზარდა. აქციაზე 30-ზე მეტი პირი დაშავდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. გასულ კვირას ისევ არ წყდებოდა ვნებათღელვა როგორც ე.წ. „ციანიდის საქმისა“ და საპატრიაქროში მიმდინარე დაპირისპირების, ისე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო. მედიასა და საპატრაიარქოში ატეხილ ხმაურს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის დაპირისპირებაც დაემატა.

არეულობა აჭარაში - კერძოდ, ბათუმში - შაბათს გვიან ღამით დაიწყო. სამართალდამცველები და მოქალაქეები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირნენ, რაც მოქალაქეთა ჯგუფი აჭარის პოლიციის სამმართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა და იმ ექვსი პირის გათავისუფლება მოითხოვა, ვინც პოლიციამ, მათი თქმით, უკანონოდ დააკავა. მანამდე საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს თვითმხილველთა მონათხრობი, რომლის მიხედვითაც, საპატრულო პოლიციამ მანქანის არასწორად გაჩერებისთვის რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმა, რასაც პოლიციასა და დაჯარიმებულებს შორის შელაპარაკება, ხოლო შემდეგ ამ უკანასკნელთა დაკავება მოჰყვა.

მათი დაკავებიდან სულ მალე დაიწყო საპროტესტო აქცია, რომელზეც გაისმა მოწოდებები დაკავებულთა გათავისუფლებისა და აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის გადადგომისკენ. აქციის მონაწილეთა თქმით, პოლიციის უფროსი გორელია და ადგილობრივ მოსახლეობას „თათრებად“ მოხსენიებით შეურაცხყოფას აყენებს.

​აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს სამართალდამცველებს და ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის რამდენიმე მანქანას. აქციის დასაშლელად პოლიციის სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ბათუმში ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელმაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა შეეწყვიტათ ძალადობა და, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება ექვსი დაკავებული პირის გათავისუფლების თაობაზე.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის, ინფორმაციით, პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად ბათუმის საავადმყოფოებში მოათავსეს 30-ზე მეტი პირი. დაშავებულთა შორის რამდენიმე პოლიციელია.

შს მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას პირობა დადო, რომ ვანდალურ აქტთან დაკავშირებული არც ერთი პირი დაუსჯელი არ დარჩება.

ბათუმში წუხელ განვითარებულ მოვლენებს, სამწუხაროდ, პოლიტიკური ელფერიც დაჰკრავს, - უთხრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებს ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

რუსთავი 2-ის საქმე გასულ კვირაში კვლავ ყურადღების ცენტრში იყო. სტრასბურგში გაიგზავნა მედიასაშუალებების, მესამე სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საპროტესტო მიმართვები. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაექსპერტების წარმომადგენელთა ერთ ნაწილს 6 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა, სტრასბურგის სასამართლოს 3 მარტის გადაწყვეტილებაზე ილაპარაკა და მედიაომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტის დაარსების ინიციატივით გამოვიდა:

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

„გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები. მე დღეს საჯაროდ ვიწვევ სათანამშრომლოდ საერთაშორისო დონის ევროპელ მედიაექსპერტებს და სპეციალისტებს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით და საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი. ამ ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედიაგარემოსა და მის განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც „რუსთავი 2"-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისთვის, ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენი ინსტიტუტების დაცვით და მათი გაძლიერებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული“.

პრემიერის ამ ინიციატივას არ იზიარებს ამავე შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს სპონტანური ინიციატივა პრობლემას ვერ მოაგვარებს: „ეს ვერ განმუხტავს სიტუაციას... რა თქმა უნდა, ეს არ უშველის... ვნახოთ, რას იტყვის ევროპის სასამართლო: დაირღვა თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება საქართველოში „რუსთავი 2“-ისთვის. ეს არის ძირითადი განსახილველი თემა სტრასბურგში და თუ ეს დადგინდა, მაშინ ჩვენ კიდევ სხვა პრობლემას ვაწყდებით - ჩვენ ვაწყდებით სამართლიანი სასამართლოს პრობლემას საქართველოში და ამ შემთხვევაში მედიაომბუდსმენი ვეღარ გვიშველის. ეს არის პრობლემა, რომ ჩვენ კრიზისული ვითარების რაღაც კასკადი მივიღეთ...“

"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერთა აქცია
"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერთა აქცია

რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ისეთი ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც „ჰიუმან რაიტს უოჩია". კვირის დასაწყისში მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, არ დაუშვას „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება მანამდე, ვიდრე საქმეს სტრასბურგის სასამართლო არ განიხილავს.

7 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმხილველმა პალატამ, „რუსთავი 2“-ის იურისტების მიერ მომზადებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, დააკმაყოფილა ტელეკომპანიის მოთხოვნა და უვადოდ შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის მფლობელად ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გამოცხადდა. 7 მარტის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ გააგრძელა 3 მარტს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თავდაპირველად აღსრულების რამდენიმედღიან შეჩერებას გულისხმობდა. საგანგებო ბრიფინგზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა,ნიკა გვარამიამ განაცხადა:

„მე მინდა მივულოცო ეს დღე ყველა იმ ადამიანს, ვინც ნამდვილად იდგა ჩვენს გვერდით. მთელ ქართველ ერს, მთელ ქართულ საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს, ჩვენს მეგობარ დიპლომატებს, უცხო ქვეყნის მთავრობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს - მათმა ერთსულოვნებამ და მათმა უპირობო მხარდაჭერამ არა პირველ რიგში „რუსთავი 2“-ის, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართული დემოკრატიის მისამართით... ერთხმად მხარდაჭერამ მოიტანა ის, რომ დღეს ევროპამ ჩვენ გადაგვარჩინა, მან გადაარჩინა ქართული დემოკრატია... ყველას გილოცავთ...“

მიმდინარე მოვლენებს 6 მარტს ვიდეობლოგით გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. მან თქვა, რომ მედიის მდგომარეობა საქართველოში დამაკმაყოფილებელია, სიტუაცია „შფოთს არ იწვევს“, ხოლო ოპონენტები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურებიან:

„ვინც ჩვენ გვეუბნება და გვიკიჟინებს, - ჩვენი შინაური ჟურნალისტები და ოპოზიცია მყავს მხედველობაში, - დავიჯერო, კოლექტიურად დაექვემდებარეთ ნაციონალების პროპაგანდისტულ ჰიპნოზს და დაიჯერეთ, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება?! ვისგან? რისგან? ნაციონალების დროინდელმა ერთმა მფლობელმა ნაციონალების დროინდელ მეორე მფლობელს ტელევიზია სასამართლოს ძალით დააბრუნებინა - ეგ გახდა თქვენი თავისუფლების პრობლემა?! სირცხვილია, როცა სრული თავისუფლების პირობებში ყვირიან, რომ იზღუდებიან რამეში“.

საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო

მეორე ამბავი, რომელიც მედიის ყურადღების ცენტრშია, ე.წ. „ციანიდის საქმეა“. 8 მარტს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა „ციანიდის საქმეში“ მტკიცებულებების სახით არსებული ვიდეო და აუდიომასალების ნაწილი, რომლითაც დასტურდება დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის, მცდელობა მოეპოვებინა მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი გერმანიაში გამგზავრებამდე. გამოქვეყნებული ჩანაწერებიდანაც ირკვევა და მთავარ პროკურატურაშიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ მასალების მოპოვების დროს გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, თუმცა დაკავებულისთვის წაყენებული ბრალი არა პატრიარქს, არამედ მის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს, უკავშირდება. ბრალდებულის ადვოკატების განცხადებით, გამოქვეყნებული მასალები დამონტაჟებულია და მასში ასახული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. საქმის მიმართ შეკითხვები უჩნდებათ იურისტებს, რომლებიც მოვლენათა განვითარებას ყურადღებით ადევნებენ თვალყურს.

8 მარტს გამართულ ბრიფინგზე საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ისიც აღნიშნა, რომ თეთრუაშვილის გარდა, შესაძლოა ციანიდი სხვა პირებისთვისაც ყოფილიყო გამიზნული:

„მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება წარედგინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და შენახვის ფაქტზე. ვინაიდან, საქმეზე მოპოვებული ცალკეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არსებობდა ეჭვი, რომ გიორგი მამალაძე შესაძლოა ამზადებდა სხვა პირების მკვლელობასაც, ასევე, რომ იგი, სავარაუდოდ, მოქმედებდა თანამზრახველებთან ერთად, გაძლიერებულ იქნა გერმანიაში ყოფნის დროს პატრიარქის უსაფრთხოება“.

გავიხსენოთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა 2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და, გამოძიების მასალების თანახმად, მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება - „ნატრიუმის ციანიდი“.

მთავარმა პროკურატურამ 8 მარტს განაცხადა, რომ „ბრალდებულმა აქამდე დასმულ ვერც ერთ მნიშვნელოვან კითხვას დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა. იყო კრიტიკული შეკითხვები, რომელზედაც საერთოდ უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე“. თუმცა, როგორც ადვოკატები აცხადებდნენ, გარკვეული დროის მანძილზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა მისი დაკითხვის საშუალებას, ხოლო შემდეგ დაკავებულმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე მანამდე, ვიდრე არ იქნებოდა დაცული მისი ოჯახის უსაფრთხოება. 8 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი მამალაძის ოჯახს სახელმწიფომ დაცვა დაუნიშნა.

გასულ კვირაში, კერძოდ კი 9 მარტს საპატრიარქოში გამართულმა სინოდის საგანგებო სხდომამ თანამდებობიდან გადააყენა საპატრიარქოს ტელევიზიის გენერალური დირექტორი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, რომლის თქმითაც, წმინდა სინოდის გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება მის მიერ საპატრიარქოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. მიტროპოლიტი პეტრე აკრიტიკებდა პატრიარქის მდივანს, შორენა თეთრუაშვილს, და ღიად საუბრობდა საპატრიარქოს შიგნით არსებულ პრობლემებზე.

პრეზიდენტის შეხვედრა საპატრიარქოში
პრეზიდენტის შეხვედრა საპატრიარქოში

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ამ გადაწყვეტილებას მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ასე გამოეხმაურა:

„ვფიქრობ, რომ მიკერძოებული სამართალი იყო და მიმაჩნია, რომ ამ არსებულ პრობლემებში ჩემი საკითხის დაყენება არ იყო მნიშვნელოვანი. მირჩევნია, რომ დავისაჯო სიმართლისათვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე“.

სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან გაირკვა, რომ სინოდის წევრებს სიღრმისეულად არ უსაუბრიათ საპატრიარქოში არსებული პრობლემების შესახებ. მიტროპოლიტ პეტრეს დასჯა კი თეოლოგსა და რელიგიურ უფლებათა დამცველ ბექა მინდიაშვილს აფიქრებინებს, რომ სინოდსა და საპატრიარქოს არანაირი რესურსი არ გააჩნია გაუმკლავდეს უმწვავეს კრიზისს:

„ეს არის იდენტობის კრიზისი და მორალური კრიზისი, რომელიც დგას საპატრიარქოსა და მთელი ეკლესიის წინაშე, რის შესახებაც ავად თუ კარგად ცდილობდა ესაუბრა მიტროპოლიტ პეტრეს და ერთადერთი გამოსავალი, რომელიც მათ იპოვნეს, არის იმ ადამიანის დასჯა და დადუმება (დარწმუნებული ვარ, რომ პეტრე ამის შემდეგ აღარ ისაუბრებს), რომელიც ცდილობდა ამ ჭაობის შეყანყალებას. ეს მოასწავებს იმას, რომ საპატრიარქო კარგა ხნით ისევ დაილუქება გარეშე თვალისთვის და ისევ წარმოუდგენლად საზარელი პრობლემები დაგროვდება, რის შესახებაც პეტრე საუბრობდა, იქნება ეს ბიზნესი, წილები, ურთიერთსიძულვილი, ათასნაირი დანაშაულის დაბრალება და სხვა და სხვა“.

დღის ბოლოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა წმინდა სინოდის განჩინება, რომელიც საზოგადოებას სხდომის მდივანმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა გააცნო. მისი თქმით, სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მწუხარებით აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები საჯარო სივრცეში ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ.

პეტრე ცაავას შემცვლელად კი საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორად ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე დაინიშნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილება, ჩაიკეტოს სამეგრელოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტების ნაწილი. ორსანტია-ოტობაიისა და ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. გადასასვლელების ჩაკეტვას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც, რომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო. ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს ადგილობრივი მოსახლეობა, თუმცა დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც გასულ კვირაში გააქატიურდა, საკონცტიტუციო ცვლილებები და პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არსებული ღია დაპირისპირება იყო. ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩარევასა და „ღრმა უპატივცემულობაში“ დასდო ბრალი.

გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი კობახიძე
გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილს ბრალს სდებს ასევე პარლამენტის უფლებამოსილების მითვისებაშიც და განმარტავს, რომ, „კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზება არის საქართველოს პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა“. სამპუნქტიანი წერილობითი განცხადების მესამე პუნქტი სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიის ხელის შეშლის ბრალდებას უკავშირდება:

როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე რაციონალური ლოგიკის თანახმად, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა შეიძლება გაიმართოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომზადდება და საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი. აქედან გამომდინარე, კანონპროექტზე მუშაობის დასრულებამდე 2 თვით ადრე პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ინიციატივის განცხადება მოკლებულია რაციონალურ საფუძველს და მხოლოდ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისთვის დაბრკოლების შექმნას შეიძლება ისახავდეს მიზნად“.

კონსტიტუცია ყველას კუთვნილებაა და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართვა ექსკლუზიურ უფლებას არ წარმოადგენს და რაც უფრო მეტი ფორმატი მოემსახურება ამ პროცესს, მით უკეთესი იქნება - ამ პოზიციით გამოეხმაურა მესამე სექტორი პარლამენტის თავმჯდომარის 9 მარტის წერილობით განცხადებას, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, თავის მოკლე კომენტარით გვამცნო, რომ პარლამენტის სპიკერის წერილის შინაარსი მორიგ მუქარად იქნა აღქმული:

ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის 12 დეკემბერს საზოგადოება ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ უზრუნველვყოფდით ძალიან ფართოდ დისკუსიებს საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საკითხს, რომელიც შეეხებოდა პრეზიდენტისადმი აქამდე არსებული მუქარების დანამატს, კერძოდ, დაემატა მუქარა-აკრძალვა, საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს პრეზიდენტი საკუთარ ხალხს, რომლის გარანტიც თავად პრეზიდენტია. ეს საკითხი, უბრალოდ, არც ერთ რეალურ კომენტარს არ საჭიროებს“.

მწვავე დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს შორის, რამაც ბოლო პერიოდში იჩინა თავი, ძირითადად პრეზიდენტის არჩევის წესს უკავშირდება. მარტის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ, გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აშორების მიზნით და გიორგი მარგველაშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, სავარაუდოდ, ისევ პირდაპირი წესით ჩატარდება, ხოლო შემდეგ უკვე, საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს.

ამ პროცესის ერთგვარი გაგრძლება გახდა კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“,რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ყველა სოფელსა და ქალაქს მისწვდება და მისი მიზნობრივი აუდიტორიაც ფართო იქნება - სტუდენტებიდან და აკადემიური წრეებიდან დაწყებული, ეთნიკური უმცირესობებითა და სამოქალაქო და პოლიტიკური წრეებით დამთავრებული. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, განაცხადა, კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ არც ალტერნატიული საკონსტიტუციო პროცესია და არც კონსტიტუციური ცვლილებების ალტერნატიული პროექტის შექმნის მცდელობა. იგი ამბობს, რომ კამპანია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საზოგადოების აზრის უკეთ გაგებაში დაეხმარება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG