მოსკოვის სასამართლომ 20-ათასრუბლიანი ჯარიმა დააკისრა ოპოზიციონერ აქტივისტს ალექსეი ნავალნის - გუშინ, მოსკოვში გამართული „არასანქცირებული საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის“. სასამართლო განიხილავს კიდევ ერთ ბრალდებას, რომელიც შეეხება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, რისთვისაც, როგორც ვარაუდობენ, ნავალნის 15-დღიან პატიმრობას მიუსჯიან. ოპოზიციონერი გუშინ დააკავეს, როცა ის ანტიკორუფციულ დემონსტრაციაზე მიემართებოდა. რუსეთის ხელისუფლება „უკანონოს“ უწოდებს გუშინდელ დემონსტრაციას, რადგან აქციის ორგანიზატორებს სახელისუფლებო უწყებებისაგან არ ჰქონდათ მიღებული აქციის გამართვის ნებართვა. საპროტესტო აქციებში, რომელიც 26 მარტს გაიმართა რუსეთის 100-მდე ქალაქში, ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ნავალნიმ, რომელიც მონაწილეობდა 2013 წლის მოსკოვის თვითმმართველობის ორგანოს არჩევნებში და აპირებს, კენჭი იყაროს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მოუწოდა მხარდამჭერებს, მის გარეშე გაეგრძელებინათ საპროტესტო გამოსვლები. მოგვიანებით მან „ტვიტერში“ დაწერა, რომ ის „ამაყობს“ დემონსტრანტებით და რომ მათი დაკავების მოტივი „გასაგებია“.
ყველაზე პოპულარული
1