Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციას ჯერ არ დაუკავებია სტოკჰოლმში მომხდარ ინციდენტთან კავშირის მქონე პირი


სტოკჰოლმის ცენტრში სატვირთო მანქანა შევარდა ხალხში, რის შედეგადაც, როგორც იუწყებიან, დაიღუპა, სულ ცოტა, სამი ადამიანი. არიან დაშავებულებიც. პოლიციამ არ დაადასტურა ცნობები ინციდენტთან დაკავშირებული პირის დაკავების შესახებ. მანამდე, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლიოვენმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებული იყო ერთი პირი. პოლიციამ ასევე არ დაადასტურა მედიის ცნობები სროლის შესახებ. პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტს განიხილავენ, როგორც სავარაუდო ტერაქტს, თუმცა ჯერ არ დაუდგენიათ მომხდარის მიზეზები. მომხდარის „ტერორისტულ“ ბუნებაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ლიოვენმაც. მისივე თქმით, სატვირთო ავტომანქანაში, სავარაუდოდ, ორი პირი იჯდა. ერთ-ერთ ადგილობრივ გამოცემას მოჰყავს მანქანის მფლობელი კომპანიის პრესმდივნის განცხადება, რომლის თანახმადაც ავტომანქანა მაშინ გაიტაცეს, როცა მძღოლს ძარიდან ტვირთი გადმოჰქონდა. ცნობების თანახმად, სატვირთო მანქანა შეიჭრა სავაჭრო ცენტრში, რომელიც ფეხით მოსიარულეთა ზონასთან მდებარეობს. ინციდენტის ადგილას მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს სტოკჰოლმის ცენტრში მოძრაობისგან. დაიკეტა მეტრო. სტოკჰოლმში მომხდარს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი: „ჩვენი ფიქრები მიმართულია სტოკჰოლმში დაშავებულების, მათი ნათესავების, მაშვლებისა და პოლიციელებისკენ. ყველა ვერთიანდებით ტერორიზმის წინააღმდეგ“ - ნათქვამია მერკელის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG