Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება საკონსტიტუციო კომისიაში


სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვა ნიკა მაჭუტაძემ, თავმჯდომარემ მოძრაობისა „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომლის თქმითაც, კომისია ცდილობს კონსტიტუციაში ასახოს მმართველი პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის ვიწრო ინტერესები. ნიკა მაჭუტაძემ ასევე მოუწოდა საკონსტიტუციო კომისიაში შემავალ სხვა სუბიექტებს გაემიჯნონ კომისიას და შეუერთდნენ კონსტიტუციის დასაცავად შექმნილ ინტერპარტიულ მოძრაობას.

რა ხდება საკონსტიტუციო კომისიაში
please wait

No media source currently available

0:00 0:05:56 0:00
გადმოწერა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიიდან ერთ-ერთი სუბიექტის გასვლა სამი დღით ადრე იწინასწარმეტყველა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რომელმაც პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებში განაცხადა:

„პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია აწარმოებენ ღია კამპანიას კომისიის წინააღმდეგ. ეს არის ყველასთვის თვალსაჩინო. უფრო მეტიც, დაახლოებით ერთი კვირის წინ მომაწოდეს სარწმუნო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონსულტაციები იმართება ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პარტიებთან ადმინისტრაციის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ მათ დატოვონ კომისიის რიგები“.

ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 7 აპრილს გააკეთა, 10 აპრილს კი ნიკა მაჭუტაძემ, თავმჯდომარემ მოძრაობისა „სახელმწიფო ხალხისთვის“, განაცხადა, რომ არ სურს მონაწილეობის მიღება ფარსში და დატოვა კომისიის შემადგენლობა:

„კომისიაში წარმოდგენილ უმრავლესობას არ ესმის საქართველოს მოქალაქეთა მტკიცე და ურყევი პოზიციები. მე, სახელმწიფო საკონოსტიტუციო კომისიის წევრი ნიკა მაჭუტაძე, ვტოვებ საკონსტიტუციო კომისიას და ვიწყებთ ზეპარტიულ, ინტერპარტიულ კონსტიტუციურ მოძრაობას ქართული კონსტიტუციის დასაცავად, მოსაპოვებლად და დასამკვიდრებლად“.

ნიკა მაჭუტაძის თქმით, კონსტიტუციის სრულყოფის ნაცვლად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიზანია არაფორმალური მმართველობის განვრცობა, სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუტების შთანთქმისა და მოქალაქეების პოლიტიკური უფლებების მოსპობის ხარჯზე:

„ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული პროექტით, უქმდება პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი და საყოველთაო წესი, უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო, ხელისუფლება მიიტაცებს იმ ხმებსაც, რომლებიც მას არჩევნებზე არ მიუღია, ანუ ე.წ. გაუნაწილებელი ხმები და მანდატები სრულად მიაქვს ხელისუფლებას. პოლიტიკურ პარტიებს ეკრძალებათ საარჩევნო ბლოკებში გაერთიანება“.

ნიკა მაჭუტაძის მიერ ჩამოთვლილი ყველა საკითხი მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო კომისიაში შემავალი სხვა სუბიექტებისთვისაც, თუმცა პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები არ ჩქარობენ კომისიის შემადგენლობის დატოვებას. ისინი ასევე უარყოფენ პრეზიდენტის ადამინისტრაციასთან რაიმე სახის კონსულტაციების წარმოებას კომისიის შემადგენლობის დატოვებასთან დაკავშირებით. „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა შავგულიძის, კომენტარი:

„არავითარი ამგვარი მოწოდება და ამგვარი საუბარი არ ყოფილა. ვფიქრობ, რომ ეს უფრო არის პრევენციულად ნათქვამი განცხადება. გარკვეული პოზიციები იქნა გაზიარებული ოპონირების შედეგად. მაგრამ შევხედავთ. თუ დავრწმუნდებით, რომ შედეგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი, მაშინ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას არ ავიღებთ და მოგვიწევს დატოვება, თუმცა ეს არც თვითმიზანია და ეს იქნება ძალიან სამწუხარო“.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩქარობენ. მიხეილ ბენიძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ კომისიის მუშაობაში სამოქალაქო სექტორის მონაწილეობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგანაც მის გარეშე კონსტიტუციის პროექტში შეტანილი რიგი ჩანაწერები ბევრად უარესი იქნებოდა:

„მათ შორის, ადამიანის უფლებების სტანდარტის მხრივ. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე კომისია უნდა დავტოვოთ. თუ კითხვა არის ასეთი, მოგვწონს თუ არა ყველაფერი, რაც ამ კომისიაში ხდება, ცხადია, პასუხი ნეგატიურია, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი პრინციპული საკითხი, რაზეც ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვაქვს, მაგალითად, ეს არის ე.წ. მანდატების განაწილების წესი, ეს არის ბლოკების გაუქმების საკითხი, ეს არის პრეზიდენტსი პირდაპირი არჩევის წესის გაუქმების საკითხი, ეს არის ქორწინების შესახებ რეგულირება - ჩანაწერი, რომელიც შემოთავაზებული ვარიანტით ჩნდება კონსტიტუციაში და ა.შ. არის კიდევ რამდენიმე საკითხი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ჩართულობის გარეშე ამ საკითხებთან ერთად იქნებოდა კიდევ ბევრი სხვა პრობლემური საკითხი“.

მიხელ ბენიძის თქმით, კომისიამ მუშაობა უნდა დაასრულოს აპრილის ბოლომდე, თუმცა ვადის ამოწურვის შემდეგაც შესაძლებელი იქნება კონსტიტუციის კანონპროექტის დახვეწა, თუნდაც საერთო სახალხო განხილვის ეტაპზე. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვენეციის კომისიამაც უნდა წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები.

„ჩვენ გვქონდა წინასწარი შეხვედრები ვენეციის კომისიასთან, მათ შორის, რიგ ამ საკითხებზე და მათი პოზიცია ხშირ შემთხვევაში არის საკმაოდ კრიტიკული. ამიტომ ვფიქრობთ, რომ კიდევ არსებობს ხერხი, მათ შორის, ვენეციის კომისიით ლობირებისა და ამ გზით გარკვეული ცვლილებების შეტანისა თუნდაც იმ პრინციპულ საკითხებზე, ამისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ პროცესის ნაწილი, რომ ვენეციის კომისიას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის შესახებ, რათა ადეკვატურად შევაფასოთ და ეს შეფასებები გავაცნოთ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებს“, უთხრა მიხეილ ბენიძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG