გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი შავიზღვისპირა ქალაქ სოჭში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. ორი ლიდერის საუბრის თემა, ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად, იყო 7-8 ივლისისთვის დაგეგმილი, მსოფლიოს 20 მაღალგანვითარებული სახელმწიფოს სამიტი, რომელიც ჰამბურგში უნდა გაიმართოს. უკრაინის კონფლიქტის, ასევე მინსკის შეთანხმების თაობაზე, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ფორმატი უნდა დარჩეს, რომ არ არის საჭირო ახალი ხელშეკრულებების დადება, რომ საჭიროა უკვე არსებული, მინსკის შეთანხმების შესრულება. მერკელმა მოითხოვა, რომ უკრაინას მიეცეს თავის საზღვრებთან მისვლის შესაძლებლობა. ეს, მისი თქმით, მინსკის შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიზეზი პუტინმა ასე ახსნა: „ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების, კიევში ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური ცვლილების შედეგი. ეს ერთი. მეორეც ისაა, რომ ეს ტერიტორიები არავის გამოუყვია. მათ გამოყოფას უკრაინის ხელისუფლება აწარმოებს, როცა ყველანაირ ბლოკადებს აწყობს“. მერკელმა გამოხატა შეშფოთება ჩეჩნეთში სექსუალური უმცირესობის მდგომარეობის გამო. მან თქვა ასევე, რომ რუსეთთან „ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას თუ გადახედავთ, დაინახავთ, რომ საჭიროა, დღეს პასუხისმგებელი პირები ესწრაფოდნენ დიალოგს და რა თქმა უნდა, ყველა საუბრის დროს რაღაცას ისწავლი კაცი.“ მერკელმა და პუტინმა ისაუბრეს სირიაში ექვსი წლის განმავლობაში მიმდინარე ომზე. პუტინმა გაიმეორა თავისი მოწოდება მიუკერძოებელი გამოძიებისკენ ინციდენტისა, რომლის დროსაც სირიაში, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი გამოიყენა არმიამ. პუტინის თქმით, ის აშშ-სგან მოელის დახმარებას, სირიის კონფლიქტიდან ეფექტიანი გამოსავლის მოძებნის საქმეში.
ყველაზე პოპულარული
1