Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აკრიტიკებს ბალტიისპირეთში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდას


ჯიმ მატისი ლიტვაში
ჯიმ მატისი ლიტვაში

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ჯიმ მატისმა, გააკრიტიკა „დესტაბილიზაციის“ გამომწვევი ზომები, რომლებსაც რუსეთი მიმართავს ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან თავისი სამხედრო ძალების გაზრდით. ამ საკითხს მატისი შეეხო ლიტვაში ვიზიტისას. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ აშშ-მა შესაძლოა განიხილოს ბალტიისპირეთში "პატრიოტის" ტიპის რაკეტების განთავსება წლევანდელ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით.

ჯიმ მატისი აშშ-ის თავდაცვის მინისტრის რანგში პირველად ეწვია ბალტიისპირეთს. ვიზიტის ფონს ქმნის დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესება უკრაინის, სირიისა და არაერთი სხვა საკითხის გარშემო უთანხმოების გამო. ვილნიუსში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ, „უაღრესად მნიშვნელოვანი ჟესტი“ უწოდა მატისის სტუმრობას.

„მივესალმებით თავდაცვის მინისტრს ლიტვაში, მის ვიზიტს, რა თქმა უნდა, არა მარტო როგორც სიმბოლურ ჟესტს, არამედ უაღრესად მნიშვნელოვან ჟესტს მთელი ჩვენი რეგიონისათვის“, - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ვილნიუსში

დაადასტურა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერა: "ეჭვი არ შეგეპაროთ: ჩვენ მხარში გიდგავართ, საერთო მიზნებისათვის გაერთიანებული. ნატო ყველას დასანახად და დაუნაწევრებლად დგას სუვერენიტეტის მიმართ ნებისმიერი მუქარის, საერთაშორისო სამართლის მიმართ ნებისმიერი მუქარის, საერთაშორისო წესრიგის მიმართ ნებისმიერი მუქარის შემთხვევაში“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პრესკონფერენციაზე და გააკრიტიკა რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან. მატისის თქმით, ვაშინგტონის ერთგულება ნატოს ხელშეკრულების მეხუთე მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების გარანტიების მიმართ კვლავინდებურად მტკიცეა.

შარშან რუსეთმა ბირთვული პოტენციალის "ისკანდერის" ტიპის სარაკეტო კომპლექსი განათავსა კალინინგრადში - ბალტიის ზღვის პირას მდებარე, რუსეთის კუთვნილ ტერიტორიაზე, რომელიც ნატოს წევრებს - ლიტვას და პოლონეთს -ესაზღვრება. მოსკოვი ამბობს, რომ რაკეტები კალინინგრადში განათავსა დაგეგმილ სამხედრო მანევრებთან დაკავშირებით, მაგრამ დასავლელი სამხედრო ლიდერები შიშობენ, რომ „ისკანდერის“ ტიპის აღჭურვილობა, შესაძლოა, კალინინგრადშივე დარჩეს.

ამასობაში, დასავლეთის მედიამ გაავრცელა ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებებები, რომლებიც მიანიშნებს რეგიონში "პატრიოტის" ტიპის რაკეტების განთავსების შესაძლებლობაზე ზაფხულში ნატოს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით. „პატრიოტი“ არის საჰაერო თავდაცვის მობილური სისტემა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია თვითმფრინავების, ფრთოსანი რაკეტებისა და ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ.

სექტემბერში კი რუსეთი ბელორუსიასთან ერთად დასავლეთის ფლანგზე იწყებს სამხედრო წვრთნებს, რომლებშიც, როგორც იუწყებიან, 100 ათასამდე ჯარისკაცის მონაწილეობაა მოსალოდნელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG