Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აპირებს უმცირესობის მთავრობის შექმნას


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აპირებს უმცირესობის კოალიციური მთავრობის შექმნას მას შემდეგ, რაც მისმა კონსერვატიულმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა რიგგარეშე არჩევნების შედეგად. უმცირესობის მთავრობა იქნება კოალიცია, რომელშიც კონსერვატიულ პარტიასთან ერთად შევა ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიული უნიონისტური პარტია. მოსალოდნელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვა პრემიერ-მინისტრს გაურთულებს ბრექსიტზე - ანუ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლაზე - მოლაპარაკებებს. ტერეზა მეი უკვე შეხვდა დედოფალს, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ახლა მთავრობის ჩამოყალიბებას შეუდგება. „ეს მთავრობა გაუძღვება ქვეყანას ბრექსიტის შესახებ უაღრესად მნიშვნელოვან მოლაპარაკებისას, რომელიც სულ 10 დღეში იწყება და ეს მთავრობა აღასრულებს ბრიტანელი ხალხის ნებას, ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გამოყვანით“. - განაცხადა ტერეზა მეიმ დღეს ლონდონში, დედოფალთან შეხვედრის შემდეგ. 8 ივნისის არჩევნების შედეგად, ბრიტანეთის პარლამენტის 650 მანდატიდან 313 ერგო კონსერვატიულ პარტიას, ხოლო 261 - ოპოზიციონერ ლეიბორისტებს.

XS
SM
MD
LG