Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, აღარ მიიღოს მონაწილეობა კონსტიტუციის ცვლილებების განხილვაში


14-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, აღარ მიიღოს მონაწილეობა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვაში. მათთვის მიუღებელი და გაუმართლებელია, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის, საყოველთაო-სახალხო განხილვის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ შეცვალა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ჩანაწერი და 2024 წლამდე გადადო მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ თბილისში, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “საერთაშორმისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ საზოგადოების მთავარი დაკვეთა იყო არა საკონსტიტუციო რეფორმა, არამედ უსამართლო საარჩევნო სისტემის შეცვლა. ეკა გიგაურის თქმით, როცა მმართველი პარტია შეთანხმებას არ ასრულებს, მასთან თანამშრომლობას აზრი აღარ აქვს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ აპირებს დახურულ კარს მიღმა, ერთპიროვნულად მიღებულ გადაწყვეტილებას დაარქვას საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ვერ გახდება დემოკრატიის და სტაბილურობის გარანტი. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გააცნობენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის ვენეციის კომისიას. მიხეილ ბენიძემ აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია პოლიტიკური ან აღმასრულებელი ორგანო არ არის, თუმცა, მისი რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა გავლენას იქონიებს ქვეყნის იმიჯზე. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული თავდაპირველი ვერსიით, მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, უმრავლესობის წევრთა ნაწილის, ძირითადად, მაჟორიტარი დეპუტატების წინააღმდეგობის გამო, ცვლილების განხორციელება 2024 წლისთვის გადაიდო. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის განხილვა 21 ივნისიდან მოწვეულ რიგგარეშე სესიაზე დაიწყო. სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა, „ევროპულმა საქართველომ,“ „პატრიოტთა ალიანსმა“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.“ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას პროტესტი გამოუცხადეს არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმაც.

XS
SM
MD
LG