Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მის ოჯახს უარი ეთქვა საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე


თბილისის დემირელის კოლეჯის მენეჯერს, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. ჩაბუქის ექსტრადირებას ითხოვს თურქეთი - სადაც, მისი ადვოკატების მტკიცებით, მას საფრთხე ემუქრება. მედიაში გავრცელებული ცნობებით, სამინისტრო აცხადებს, რომ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე არ იკვეთება შესაძლებლობა, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში ის საფრთხის ქვეშ იქნება. ამავე დროს, სამინისტრო, გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშზე დაყრდნობით, მიუთითებს, რომ თურქეთის ციხეებში მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც 15 წელიწადია საქართველოში ცხოვრობს, 24 მაისს დააკავეს თურქეთის ოფიციალური მიმართვის საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს შეუფარდა წინასაექსტრადიციო პატიმრობა. თურქეთის ხელისუფლება მუსტაფა ემრე ჩაბუქს ადანაშაულებს ფეტულა გიულენის „ტერორისტული ორგანიზაციის“ საქმიანობის ხელშეწყობაში, რასაც ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს. ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია, ამნესტი ინტერნეიშენალი, თურქეთის შესახებ ბოლო ანგარიშში წერს, რომ გადატრიალების მცდელობას მოჰყვა მთავრობის მხრიდან მასშტაბური ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე. "მთავარი სამიზნე იყო ფეტულა გიულენთან კავშირების ქონაში დადანაშაულებული ხალხი ... გადატრიალების მცდელობის შემდეგ იყო მტკიცებულებები დაკავებულთა წამების თაობაზე".

XS
SM
MD
LG