Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა


საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტების, პეტრო პოროშენკოსა და გიორგი მარგველაშვილის და ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციების შეხვედრები. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში პეტრო პოროშენკოს პირველ, სახელმწიფო ვიზიტს ისტორიული უწოდა. „ჩვენს ერებს ძლიერი კავშირი აერთიანებთ და მჯერა, რომ თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ამ კავშირებს“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოსთან პირისპირ შეხვედრისას. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში სტუმრობის პირველივე წუთიდან მეგობრების გარემოცვაში იმყოფება. პირისპირ შეხვედრის დახურულ კარს მიღმა გაგრძელებამდე პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის იბრძვიან და ორივე ქვეყანა რუსეთის აგრესიის ობიექტია. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოს დეტალურად გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, კერძოდ, მავთულხლართების და ე.წ. სასაზღვრო ნიშნების მონტაჟის, მოქალაქეთა უკანონო დაკავების, გადაადგილების შეზღუდვის და სხვა უფლებების დარღვევის ფაქტები, რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობა და რეგულარული წვრთნები. გიორგი მარგველაშვილმა კვლავ გამოხატა მზადყოფნა, განაგრძოს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე და ხაზი გაუსვა საქართველოსა და უკრაინის ერთობლივი მოქმედებების განსაკუთრებულ საჭიროებასა და მნიშვნელობას გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს და სუამის ფორმატებით. პრეზიდენტებმა გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესიც.

XS
SM
MD
LG