Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პენსი: აშშ რუსეთს „პასუხს მოსთხოვს მისი ქმედებებისათვის“


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ჩერნოგორიაში ვიზიტისას განცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთს კვლავაც მოსთხოვს პასუხს მისი ქმედებებისათვის. ჩვენ „მტკიცე და უკომპრომისო“ უნდა ვიყოთ „არაპროგნოზირებადი ქვეყნისაგან აგრესიის“ პირისპირო- განაცხადა პენსმა „ადრიატიკის ქარტიის“ წევრი ქვეყნების სამიტზე. ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცაში სამიტზე პენსთან ერთად შეიკრიბნენ ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ხორვატიის, კოსოვოს, მაკედონიის, ჩერნოგორიის, სერბიისა და სლოვენიის ლიდერები. „როგორც მოგეხსენებათ, რუსეთი კვლავაც ცდილობს, ძალის გამოყენებით შეცვალოს საერთაშორისო საზღვრები. და აქ, დასავლეთ ბალკანეთში რუსეთი მუშაობს რეგიონის დესტაბილიზაციისათვის, თქვენი დემოკრატიისათვის ძირის გამოსათხრელად, თქვენს ერთმანეთისაგან და ევროპის დარჩენილი ნაწილისაგან დასაშორებლად. რუსეთის ზრახვები გამოაშკარავდა გასულ წელს, როცა მოსკოვის მხარდაჭერით აგენტებმა სცადეს ჩერნოგორიაში არჩევნებისათვის ხელის შეშლა, თქვენს პარლამენტზე თავდასხმა და თქვენი პრემიერ-მინისტრის მოკვლაც კი, რათა ჩერნოგორიელი ხალხისათვის უარი ეთქმევინებინათ ნატოს ალიანსში გაწევრიანებაზე“, განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პოდგორიცაში, "ადრიატიკის ქარტიის" სამიტის გახსნაზე. მაიკ პენსი ჩერნოგორიაში ვიზიტით ამთავრებს აღმოსავლეთევროპულ ტურნეს, რომლის ფარგლებშიც რეგიონში შეერთებული შტატების რამდენიმე მოკავშირეს, მათ შორის საქართველოს ეწვია.

XS
SM
MD
LG