საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო საკითხებზე კონსულტაციას გამართავს პოლიტიკურ პარტიებთან. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით 26 სექტემბერს მიღებული კონსტიტუციის ხარვეზებზე ჯერ კიდევ პროექტზე მუშაობისას მიუთითებდნენ პრეზიდენტი, ოპოზიცია და ვენეციის კომისია. „ამ დროისათვის, ახლად მიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებებს ითხოვს მმართველი გუნდიც და რადგან პრეზიდენტის მიზანი ყოველთვის იყო კონსტიტუციის მიღება საერთო თანხმობით, მმართველი პარტიის ინიციატივის განსახილვევლად, ,,ქართულ ოცნებას“ და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, სთავაზობს კონსულტაციებს პრეზიდენტის სასახლეში" - განაცხადა 27 სექტემბერს ეკა მიშველაძემ. შეხვედრა დღეს, 28 სექტემბერს, 16 საათზეა დანიშნული. 26 სექტემბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს შესთავაზა, საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტო დაადოს და მოტივირებულ შენიშვნებში ასახოს საპარლამენტო უმრავლესობის ბოლო ინიციატივა, გაუნაწილებელი მანდატების ბონუსების სისტემის გაუქმებისა და მომდევნო არჩევნებისთვის ბლოკების შენარჩუნების შესახებ. ეს ორი წინადადება უმრავლესობამ კონსტიტუციის ახალი რედაქციის მესამე მოსმენით დამტკიცებამდე წარმოადგინა და განმარტა, რომ შესაბამისი კანონპროექტები ინიცირებული იქნება მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუცია ძალაში შევა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროცესი გაცილებით მალე, ორ კვირაში დასრულდება, თუ პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამ ცვლილებებს მოტივირებული შენიშვნების სახით წარმოადგენს. რაც შეეხება პრეზიდენტთან დღევანდელ კონსულტაციაში მონაწილეობას, საპარლამენტო ფრაქციის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 27 სექტემბერს განაცხადა, რომ უმრავლესობის წარმომადგენელთა წინადადებაა შედგეს მათი და პრეზიდენტის შეხვედრა, რათა გიორგი მარგველაშვილს აუხსნან ახალი ინიციატივის უალტერნატივო მიზანშეწონილობა.
საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო საკითხებზე კონსულტაციას გამართავს პოლიტიკურ პარტიებთან

ყველაზე პოპულარული
1