კრემლი აფრთხილებს დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მომხრეებს, ნუ გამართავენ უსანქციო დემონსტრაციებს და აცხადებს, რომ კანონის დამრღვევებს სამართლებრივი დევნა მოელით. ასეთი გაფრთხილებით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი 3 ოქტომბერს მოსკოვში, ჟურნალისტებთან საუბრისას. მანამდე ნავალნის მხარდამჭერები გამოვიდნენ მოწოდებით, რუსეთის მასშტაბით გაიმართოს საპროტესტო აქციები 7 ოქტომბერს - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს. 2 ოქტომბერს მოსკოვის სასამართლომ 20 დღით პატიმრობა შეუფარდა ნავალნის, რის გამოც ის ვერ შეძლებს გეგმისამებრ მონაწილეობას პუტინის მშობლიურ ქალაქ სანქტ-პეტერბურგში 7 ოქტომბრისთვის დანიშნულ მიტინგში. 2 ოქტომბერს სასამართლოს სხდომის შემდეგ ნავალნიმ, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის თავისი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს, მხარდამჭერებს მოუწოდა, გააგრძელონ საარჩევნო კამპანიასა და საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობა. წელს ნავალნი უკვე მესამედ დააპატიმრეს.
ყველაზე პოპულარული
1