Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსის, ნავალნის მხარდამჭერები აქციებს მართავენ


რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები რუსეთის ქალაქების ქუჩებში აწყობენ საპროტესტო აქციებს, რომლებსაც შესაძლია პოლიციის მხრიდან ძალადობრივი რეაგირება მოჰყვეს. აქციები გაიმართა მოსკოვში, ვლადივოსტოკში, ხაბაროვსკში, ულან-უდეში, ჩიტაში და სტავროპოლში. ვლადიმირ პუტინის მშობლიურ ქალაქ სანკტ-პეტერბურგში პოლიცია იცავს მთავარ მოედანს, სადაც ასევე აქციაა დანიშნული. დემონსტრანტებმა აქციები დაამთხვიეს პუტინის დაბადების დღეს, 7 ოქტომბერს - დღეს ის 65 წლის შესრულდა. ვრცელდება ცნობები, რომ ქალაქ სამარაში დააკავეს სულ მცირე შვიდი მოქალაქე, დემონსტრანტების დაკავებაზე ინფორმაცია ვრცელდება ასევე იჟევსკიდან და იაკუტსკიდან.

ეკატერინბურგში, სადაც, როგორც იუწყებიან, 10 პირი დააკავეს, დემონსტრაციაზე ქალაქის მერი, ევგენი როიზმანიც გამოჩნდა. სანკტ-პეტერბურგში დააკავეს ნავალნის კამპანიის კოორდინატორი, მიხაილ სოსინი და ადვოკატი, დენის მიხაილოვი. ნავალნის კამპანიის კოორდინატორები დააკავეს ასევე პერმში, ტვერში და სტავროპოლში. დემონსტრანტები მოითხოვენ ნავალნის მიეცეს საშუალება მონაწილეობა მიიღოს 2018 წლის მარტში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში. აქციებამდე ერთი დღით ადრე, მოსკოვის სასამართლომ უარყო ნავალნის აპელაცია 20-დღიანი პატიმრობის შესახებ, რომელიც მას მიესაჯა უსანქციო დემონსტრაციებისკენ საჯარო მოწოდებებისთვის. ეს განაჩენი ნიშნავს, რომ ნავალნი ციხეში იქნება საპროტესტო აქციების პერიოდში. პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 3 ოქტომბერს ჟურნალისტებს უთხრა, უსანქციო აქციებისკენ და შეხვედრებისკენ საჯარო მოწოდებები უკანონოა და, შესაბამისად, ამგვარი ღონისძიებების ორგანიზატორები კანონის წინაშე აგებენ პასუხსო. ნავალნი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებდა მონაწილეობა მიიღონ დემონსტრაციებში - რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, 70-ზე მეტ ქალაქში ტარდება - და ამით მხარი დაუჭირონ "პოლიტიკურ კონკურენციას" ქვეყანაში, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე.

XS
SM
MD
LG