საქართველოში ორკვირიანი სამუშაო ვიზიტი დაასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მისიამ დადებითად შეაფასა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ საქართველოში მიმდინარე პროგრამის პირველი ეტაპი. ფინანსთა სამინისტროს ცნობითვე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ნოემბერში განიხილავს საქართველოს ხელისუფლებასთან მიღწეულ შეთანხმებას და მისი დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი გახდება პროგრამის მეორე ტრანში, 42,3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. სამუშაო ვიზიტის ბოლო დღეს, 9 ოქტომბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი, მერსედეს ვერა მარტინი თბილისში შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, მერსედეს ვერა მარტინმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 3,5%-დან 4,3%-მდე ზრდის და შთამბეჭდავად აფასებს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პროგრამას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფ ზრდას ხელი შეუწყო გონივრულმა პოლიტიკამ, სავაჭრო პარტნიორების სიმრავლემ, ექსპორტმა, ტურიზმმა და ინვესტიციებმა. მარტინესის განცხადებითვე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი უმეტეს შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გადაჭარბებით შესრულდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელზე სწრაფად იზრდება

ყველაზე პოპულარული
1