Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უწყებებს, პარტიებს და საზოგადოებას მიმართა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მოახლოების გამო, მიმართვა გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნები იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი და ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი, მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება, რაც მოწმობს, რომ „ქართული ოცნების“ სახით, ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი, დემოკრატიული და კონკურენტული არჩევნების ჩატარება. „სწორედ ამიტომ, მინდა, არჩევნებამდე ორი დღით ადრე მივმართო პირველ რიგში სახელმწიფო უწყებებს, მეორე რიგში პოლიტიკურ ძალებს და მესამე რიგში მთლიანად საზოგადოებას - ჩავატაროთ არჩევნები ისე, რომ ეს იყოს ნამდვილად კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში ევროპული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ძალადობრივი არჩევნები და საერთოდ დავიწყებულ იქნას სიტყვა, რასაც წარსულში, გაყალბებული, ძალადობრივი არჩევნები ერქვა“ - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიმართვაში. გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, არავის მისცენ საბაბი, რომ თუნდაც ერთი სიტყვა ითქვას სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე. პრემიერ-მინისტრმა მმართველი პარტიის მომხრეებსაც მიმართა, რომ ძლიერება განსხვავებული აზრის პატივისცემაშია. გიორგი კვირიკაშვილმა სამართალდამცავებს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება იყოს პრევენციით აღკვეთილი. „მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, მივიდეს საარჩევნო უბანზე და გამოხატოს თავისი ნება. ესმნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და კიდევ უფრო უკეთესი მომავლის შექმნისთვის. ქვეყანაში, გატარებული ცვლილებების შედეგად, თანდათან უნდა განმტკიცდეს კავშირი ამომრჩევლის ნებასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას შორის. სწორედ ეს კავშირია, რაც შექმნა ჩვენმა ხელისუფლებამ და დარწმუნებული ვარ, არჩევნები ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იქნება“ - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ 19 ოქტომბერს გავრცელებულ მიმართვაში.

XS
SM
MD
LG