ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ სენატს მიმართა, მხარი დაუჭიროს კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას და ცენტრალურ მთავრობას მისცეს კატალონიის ავტონომიაზე პირდაპირი მმართველობის დამყარების შესაძლებლობა. სააგენტო AP-ის ინფორმაციით, სენატში გამოსვლისას რახოიმ განაცხადა, რომ ესპანეთი ქვეყნის უახლეს ისტორიაში არნახული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რადგან კატალონიის ადგილობრივ ხელისუფალთა განზრახვა დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ, ეწინააღმდეგება კანონს და დემოკრატიის პრონციპებს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ სენატი მხარს დაუჭერს კონსტიტუციის 155-ე მუხლის გამოყენებას, ესპანეთის მთავრობა დაითხოვს კატალონიის რეგიონულ მთავრობას და ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებს. მარიანო რახოის განცხადებით, საგანგებო ზომების მიღება კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მადრიდი არ ცდილობს კატალონიელებს უფლებები წაართვას და პირიქით, მათ დასაცავად იბრძვის. ესპანეთის მთავრობა მზად იყო უარი ეთქვა კატალონიის პირდაპირ მართვაზე, თუ ადგილობრივი მთავრობის მეთაური, კარლეს პუჩდემონი რეგიონულ პარლამენტს დაითხოვდა. თუმცა, 26 ოქტომბერს პუჩდემონმა უარი თქვა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე. კატალონიის ავტონომიაში 1 ოქტომბერს ჩატარდა მადრიდის მიერ უკანონოდ გამოცხადებული რეფერენდუმი დამოუკიდებლობის საკითხზე. რეგიონის ხელისუფალთა ინფორმაციით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ ამომრჩეველთა 43%-მა და მათგან 90%-მა მხარი დაუჭირა ესპანეთისგან დამოუკიდებლობას.
ესპანეთის მთავრობამ სენატს თხოვა კატალონიაზე პირდაპირი მმართველობის ნება დართოს

ყველაზე პოპულარული
1