Accessibility links

კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა


ბარსელონის ქუჩებში ხალხი უზარმაზარი ტელეეკრანებით ადევნებდა თვალს კატალონიის პარლამენტის სხდომას.

კატალონიის რეგიონულმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა ესპანეთისგან გამოყოფას. კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებმაც ხმის მიცემის დაწყებამდე დატოვეს სხდომათა დარბაზი. კატალონიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებას მხარი დაუჭირა 70-მა დეპუტატმა. ათი წინააღმდეგი იყო, ხოლო ორმა თავი შეიკავა. ამ ნაბიჯს უნდა მოჰყვეს დამოუკიდებლობის პროცესის დაწყება, რაც, უწინარეს ყოვლისა, ითვალისწინებს რამდენიმე ძირითადი ახალი კანონის მიღებას და „თანასწორუფლებიანობის პრინციპზე“ დამყარებული მოლაპარაკების დაწყებას ესპანეთის ხელისუფლებასთან. მადრიდი ეწინააღმდეგება კატალონიის დამოუკიდებლობას და აცხადებს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი კატალონიის ავტონომიაზე პირდაპირი მმართველობის დამყარებაა. დღეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ სენატს მიმართა მოწოდებით, მხარი დაუჭიროს კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას და ცენტრალურ მთავრობას კატალონიაზე პირდაპირი მმართველობის დამყარების უფლება მისცეს. სენატში გამოსვლისას რახოიმ განაცხადა, რომ დამოუკიდებლობისკენ კატალონიის ხელისუფალთა სწრაფვა ეწინააღმდეგება ესპანეთის კანონსა და დემოკრატიის პრინციპებს. ესპანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ სენატი მხარს დაუჭერს კონსტიტუციის 155-ე მუხლის გამოყენებას, ესპანეთის მთავრობა დაითხოვს კატალონიის რეგიონულ მთავრობას და ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG