საქართველოში სახელმწიფო ვიზიტს განაგრძობს ესტონეთის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი. 1 ნოემბერს, დილით, ესტონეთის პრეზიდენტი თბილისში შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრის შემდეგ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კერსტი კალიულაიდს მადლობა გადაუხადეს ნატოსა და ევროკავშირის წევრობისკენ საქართველოს მისწრაფების მხარდაჭერისთვის. ეკა გიგაურის ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ესტონეთის პრეზიდენტს გააცნეს მათი კრიტიკული პოზიცია საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის მიმართ, თვითმმართველობის არჩევნების დადებითი და უარყოფითი ტენდენციები და სასამართლო რეფორმის გაგრძელების მნიშვნელობა. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის თქმით, ესტონეთის პრეზიდენტი დაინტერესდა ევროპასთან დაახლოების კონტექსტში საზოგადოების განწყობებით. "მისი მესიჯი იყო, რომ საქართველოში მნიშვნელოვანია დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება, მუხტის წამოსვლა პირველ რიგში, მოქალაქეების მხრიდან და მოთხოვნა, რომ დემოკრატიული რეფორმები გატარდეს“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ. ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორის, პაატა გაფრინდაშვილის ინფორმაციით, ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიის გაზრდილ საფრთხეზეც. ესტონეთის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი საქართველოს 31 ოქტომბერს ეწვია. იმავე დღეს გაიმართა მისი შეხვედრა პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან. 1 ნოემბერს, კერსტი კალუილაიდი შეხვდება პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და მასთან ერთად გახსნის საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმს.
ესტონეთის პრეზიდენტი თბილისში შეხვდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს

ყველაზე პოპულარული
1