კანადა ცდილობს საერთაშორისო დიპლომატიური მხარდაჭერის მოპოვებას გაეროს სამშვიდობო გეგმისთვის, რომელიც უკრაინის კონფლიქტის იქნება განკუთვნილი - აცხადებს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი. "კანადა სათავეში უდგას დისკუსიებს მსოფლიოს გარშემო რამდენიმე ქვეყანასთან, უკრაინაში მშვიდობის და წესრიგის დაცვის შესაძლებლობის და საჭიროებების შესახებო", განაცხადა კრისტია ფრილენდმა 9 ნოემბერს. მისი თქმით, მან ამგვარი მისიის შესაძლებლობაზე პირადად ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან, უკრაინის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელ კურტ ვოლკერთან და გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან. ამავე დროს, მინისტრის თქმით, კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ეს საკითხი წამოჭრა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან შეხვედრაზე. "ჩვენი ხელისუფლება უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ძალისხმევის შუაგულშია და ჩვენ ბევრს ვმუშაობთ საიმისოდ, რომ ნებისმიერი სამშვიდობო მისიით გარანტირებული იყოს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" - განაცხადა ფრილენდმა. უკრაინამ დიდი ხნის წინ ითხოვა საზღვრებზე გაეროს მშვიდობის დამცველების განლაგება, რათა ქვეყანაში ვერ შეაღწიოს რუსეთის სამხედრო ძალამ და შეიარაღებამ. თუმცა ამ წინადადებას მოსკოვი არ ეთანხმება.