Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 2018 წლის სამხედრო ბიუჯეტი


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც განსაზღვრავს პენტაგონის პოლიტიკას და ბიუჯეტს 2018 წლისთვის. დოკუმენტს მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის 356-მა წევრმა 70-ის წინააღმდეგ. კანონპროექტის თანახმად, 2018 წლის სამხედრო ბიუჯეტი 692 მილიარდი დოლარია. ამ თანხიდან თითქმის 66 მილიარდი განკუთვნილია ავღანეთში სამშვიდობო მისიისთვის. პენტაგონის ბიუჯეტში ცალკე მუხლად გამოიყო რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშაონ ერთობლივი, ყოვლისმომცველი სტრატეგია რუსეთის საშიში გავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ამ მუხლში მოხსენიებულია 2008 წელს, საქართველოში და 2014 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრა, მოსკოვის მუქარა ნატოს წევრი, მოკავშირე ქვეყნების მიმართ, სამხედრო აქტივობის ზრდა არქტიკასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ბირთვული დოქტრინის განვითარება და რუსეთის მიერ საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების დარღვევა. სერიოზულ გამოწვევადაა დასახელებული რუსეთის მხრიდან წარმოებული დეზინფორმაციის და პროპაგანდის კამპანია, კიბერთავდასხმები და სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევა. 2018 წლის სამხედრო ბიუჯეტით, 4 მილიარდ 600 მილიონი დოლარი დაიხარჯება ევროპაში რუსეთის აგრესიული ქმედებების შესაკავებლად და 100 მილიონი დოლარი ბალტიის ქვეყნების თავდაცვითი შესაძლებლობების გასაზრდელად. გარდა ამისა, აშშ უკრაინის უსაფრთხოების მხარდასაჭერად გამოყოფს 350 მილიონ დოლარს, მათ შორის თავდაცვითი, ლეტალური საშუალებებისთვის. ამავე კანონპროექტის თანახმად, საკაბელო და თანამგზავრული ტელევიზიის ამერიკელ პროვაიდერებს აეკრძალება ტრანსლირება ისეთი ვიდეომასალებისა, რომლებიც რუსეთის მთავრობის კონტროლით და დაფინანსებით მზადდება. დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს აშშ-ის სენატმაც.

XS
SM
MD
LG