ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა წარმოადგინა ორწლიანი გეგმა, რომლის მიზანიცაა თალიბების უკუგდება და ავღანეთის უშიშროების ძალებისთვის დახმარების გაწევა ქვეყნის ტერიტორიის, სულ ცოტა, 80%-ზე კონტროლის დასამყარებლად. გენერლის განმარტებით, მიზანია თალიბების მხარდამჭერთა რიცხვის შემცირება მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებამდე. ეს გეგმა ამბიციურად ითვლება, რადგან ამჟამად ექსტრემისტები აკონტროლებენ ქვეყნის 40%-მდე. როგორც გენერალმა ნიკოლსონმა 20 ნოემბერს განაცხადა, მიზნის მიღწევის შემთხვევაში ქაბულის მთავრობა მეტ ლეგიტიმურობას შეიძენს და შეძლებს ჩაატაროს საყოველთაო არჩევნები 2018 წელს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აგვისტოში გამოაცხადა ახალი სტრატეგია ავღანეთისათვის, რის შემდეგაც ამ ქვეყანაში გააგზავნა დამატებით 3000 ჯარისკაცი. ამჟამად ამ ქვეყანაში მსახურობს 14 ათასამდე ამერიკელი სამხედრო.
ყველაზე პოპულარული
1