Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევიდან იუწყებიან "კარვების ქალაქზე" იერიშის შესახებ


მიხეილ სააკაშვილი მიმართავს მიტინგის მონაწილეებს. კიევი, 2017 წლის 5 დეკემბერი
მიხეილ სააკაშვილი მიმართავს მიტინგის მონაწილეებს. კიევი, 2017 წლის 5 დეკემბერი

დღეს დილით უკრაინელმა სამართალდამცველებმა სცადეს ძალით აეღოთ კიევში, პარლამენტის შენობასთან „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა კარვების ქალაქი - ამის შესახებ იუწყება ინტერნეტგამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ კორესპონდენტი. მისივე ცნობით, სამართალდამცველებსა და სააკაშვილის მომხრეებს შორის შეტაკებისას დაშავდა ათამდე ადამიანი. უკრაინის პარლამენტის ფრაქციის, „სამოპომიჩის“ წევრმა ეგორ სობოლევმა ტელეკომპანია NewsOne-ს განუცხადა, რომ კარვების დაშლა სცადა ორასამდე სპეცრაზმელმა და პოლიციელმა, რომლებიც აქტივისტებმა მოიგერიეს. ამავე ტელეარხის ცნობით, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. რაც შეეხება სააკაშვილის ადგილსამყოფელს, ის, ეგორ სობოლევის ინფორმაციით, კარვების ბანაკის მახლობლად იმყოფება. „უკრაინსკა პრავდის“ ცნობით, საქართველლოს ყოფილი პრეზიდენტი დაცვის წევრებთან ერთად იმყოფება სასტუმრო „კიევში.“ სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცველებმა 5 დეკემბერს, დილით დააკავეს მის ბინაში. სააკაშვილის მხარდამჭერებმა ავტომანქანას არ მისცეს ტერიტორიიდან გასვლის შესაძლებლობა, მოახერხეს მანქანიდან მისი გადმოყვანა და თავიანთ ლიდერთან ერთად მივიდნენ უკრაინის პარლამენტის შენობასთან. სააკაშვილი და მისი მომხრეები პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადადგომას მოითხოვენ. უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილს ადანაშაულებს ქვეყნიდან გაქცეული ექს-პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის და მასთან დაახლოებული ბიზნესმენის, სერგეი კურჩენკოს ორგანიზებული "დანაშაულებრივი ჯგუფის დაფინანსებით საპროტესტო აქციების მოწყობაში". გენერალური პროკურატურის განცხადებით, ამ აქციების მიზანია ხელისუფლების მიტაცება, იანუკოვიჩი-კურჩენკოს ჯგუფის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და მათი კონტროლის აღდგენა ქონებაზე, რომელიც თავის დროზე შეიძინეს კრიმინალური მეთოდებით.

XS
SM
MD
LG