Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო თანამეგობრობა უკმაყოფილოა აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებით


გაეროს უშიშროების საბჭის სხდომათა დარბაზი
გაეროს უშიშროების საბჭის სხდომათა დარბაზი

გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, იერუსალიმი აღიაროს ისრაელის დედაქალაქად. „როიტერსის“ ინფორმაციით, საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა უშიშროების საბჭოს 15-დან 8 წევრმა - საფრანგეთმა, ბოლივიამ, ეგვიპტემ, იტალიამ, სენეგალმა, შვედეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ურუგვაიმ. სხდომა 8 დეკემბერს გაიმართება. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 6 დეკემბერს განაცხადა, რომ დადგა დრო იერუსალიმი ოფიციალურად აღიარონ ისრაელის დედაქალაქად. ტრამპმა სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, დაიწყოს აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის პროცესი. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მიესალმა მხოლოდ ისრაელი, რომელმაც აშშ-ის საქციელს უწოდა ვაჟკაცური და სამართლიანი. პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის, მაჰმუდ აბასის განცხადებით, ვაშინგტონი ვეღარ შეძლებს შუამავლობას სამშვიდობო პროცესში, რადგან მისი დასაგმობი გადაწყვეტილება ხელყოფს ყველა სამშვიდობო ძალისხმევას. პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის აშშ-ის მოკავშირეებმაც. საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ აშშ-მა გადადგა უპასუხისმგებლო ნაბიჯი, რომელიც საგრძნობლად უკან დახევს სამშვიდობო პროცესს. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, აუცილებელია თავშეკავება ნებისმიერი ნაბიჯისგან, რომელიც ხელს შეუშლის პალესტინელებსა და ისრაელს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მთავრობებმაც. მათი პოზიციაა, რომ იერუსალიმის სტატუსი უნდა განისაზღვროს ორი სახელმწიფოს შექმნის სტრატეგიის ფარგლებში და ისრაელი-პალესტინის მოლაპარაკებების შედეგად. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, ის ყოველთვის ეწინააღმდეგება ცალმხრივ ზომებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ისრაელისა და პალესტინელების კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პერსპექტივას.

XS
SM
MD
LG