უკრაინის სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 8 დეკემბერს დააკავეს დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრთა დახმარების ბრალდებით. სააკაშვილის გათავისუფლებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურორების შუამდგომლობა მისთვის შინაპატიმრობის შეფარდებაზე. სხდომის შემდეგ სააკაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გააგრძელებს პოლიტიკური საქმიანობას. მან უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულა კორუფციასა და „ძალაუფლების უზურპაციაში“, თუმცა აღნიშნა აგრეთვე, რომ თვითონ არა აქვს „პრეზიდენტობის ამბიცია“. სააკაშვილის სასამართლო სხდომას ესწრებოდა მისი მეუღლე სანდრა რულოვსი, ასევე, უკრაინის ოპოზიციური ძალების ლიდერები, მათ შორის უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. უკრაინის უმაღლესი რადის 10 დეპუტატი სასამართლოს წინაშე თავდებში დაუდგა მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენის და აღკვეთის ზომის შეფარდების ვადა დღეს, 11 დეკემბერს ამოიწურა. უკრაინელმა სამართალდამცავებმა სააკაშვილი კიევში დააკავეს და უშიშროების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც გულისხმობს დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეთა დახმარებას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს აფინანსებდა რუსეთში გაქცეული ექს-პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის და მასთან დაახლოებული ბიზნესმენის, სერგეი კურჩენკოს ჯგუფი და ამ აქციების მიზანი იყო უკრაინაში ხელისუფლების მიტაცება და პრორუსული ძალების რევანში. მიხეილ სააკაშვილი ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.