აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებით, ვაშინგტონი მზად არის ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური მოლაპარაკება დაიწყოს წინაპირობების გარეშე. 12 დეკემბერს, ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას ტილერსონმა აღნიშნა, რომ არარეალისტური იქნება იმის თქმა, რომ აშშ მოლაპარაკებას დათანხმდება მხოლოდ მაშინ, როცა ფხენიანი მზად იქნება უარი თქვას თავის ბირთვულ პროგრამაზე. „შეგვიძლია უბრალოდ შევხვდეთ, პირისპირ ვილაპარაკოთ მაგალითად, ამინდზე და შემდეგ დავიწყოთ შემუშავება საგზაო რუკისა, თუ რისკენ უნდა მივმართოთ ძალისხმევა“ - განაცხადა რექს ტილერსონმა. მოგვიანებით თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ უცვლელია აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის მოქმედებები სახიფათოა და კარგს არაფერს მოუტანს არავის, მათ შორის თავად ჩრდილოეთ კორეას. გასულ კვირაში, ფხენიანში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის, ჯეფრი ფელტმანის ხუთდღიანი ვიზიტის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა დათანხმდა გაეროსთან მუდმივ დიალოგს. თუმცა, „როიტერსის“ ინფორმაციით, 12 დეკემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, ფელტმანმა განაცხადა, რომ ჩრდილეოთ კორეას არ გამოუთქვამს მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა. ამასთან, ფელტმანმა აღნიშნა, რომ დიალოგისთვის კარი კვლავ ღიაა და ფხენიანს საბოლოო პასუხისთვის დრო სჭირდება.
ყველაზე პოპულარული
1