აშშ-ის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის დოკუმენტში - რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 დეკემბერს წარმოადგინა - რუსეთის შესახებ ანალიზის ერთ-ერთ მონაკვეთში ნახსენებია კრემლის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში, როგორც დასტური რუსეთის მზაობისა დაარღვიოს ქვეყნების სუვერენიტეტი.
დოკუმენტში ვკითხულობთ: „იმის მიუხედავად, რომ აღარ არსებობს საბჭოთა კომუნიზმის საფრთხე, ჩვენს სიმტკიცეს ახალი გამოწვევები უდგას წინ. რუსეთი იყენებს გაყალბების გზებს საიმისოდ, რომ დაასუსტოს ნდობა ამერიკის ერთგულებისადმი ევროპის მიმართ, ძირი გამოუთხაროს ტრანსატლანტიკურ ერთობას და დაასუსტოს ევროპული ინსტიტუციები და მთავრობები. საქართველოში და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა დაამტკიცა, რომ მზად არის დაარღვიოს რეგიონის სახელმწიფოთა სუვერენიტეტი. რუსეთი განაგრძობს ზეწოლას თავის მეზობლებზე მისი მუქარის შემცველი ქცევით, მაგალითად როცა თავი მოაქვს ბირთვული შესაძლებლობებით და როცა განათავსებს საიერიშო საშუალებებს“.
დოკუმენტი, რომელიც თეთრმა სახლმა ტრამპის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე გაავრცელა, შეიცავს გაფრთხილებას, რომ რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ ისეთი მსოფლიოს გამოძერწვას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ის ღირებულებებთან და ინტერესებთან. თავის გამოსვლაში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს სურს "დიდი პარტნიორობა" ჰქონდეს რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, მაგრამ ის "ყოველთვის დაიცავს თავის ეროვნულ ინტერესებს". მისი თქმით, "რეალიზმი" და მიდგომა "პირველ რიგში ამერიკა" იქნება ეროვნული უსაფრთხოების წარმმართველი პრინციპები.
ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა თავისი წინამორბედების მემკვიდრეობა რამდენიმე საკითხთან მიმართებით - კონტრტერორიზმის, ირანის და ჩრდილოეთი კორეის ჩათვლით. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მკაცრი შეფასება იმ შეთანხმებაზე, რომელიც ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმდა და რომელიც მიზნად ისახავდა თეირანის ბირთვული ამბიციების შეკვეცას, სანქციების ნაწილის მოხსნის სანაცვლოდ.
ტრამპის კრიტიკის საგანი იყო ასევე 2015 წელს პარიზში მიღწეული შეთანხმება კლიმატის ცვლილებებზე, რომელსაც, ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ამერიკა გამოეთიშება. ტრამპმა შეაქო აშშ-ის ხელმძღვანელობთ მოქმედი კოალიცია, რომელიც ერაყსა და სირიაში ებრძვის ექსტრემისტულ გაერთიანება "ისლამურ სახელმწიფოს" და თქვა, პაკისტანმა უფრო გაბედულად უნდა იმოქმედოს ექსტრემიზმთან ბრძოლაშიო.
თავის გამოსვლაში ტრამპმა დადებითად ისაუბრა ორმხრივ თანამშრომლობაზე მოსკოვთან, რომლითაც, როგორც კრემლის, ისე თეთრი სახლის თქმით, აღიკვეთა ტერორისტული თავდასხმები სანკტ-პეტერბურგში. ტრამპმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობამ, შესაძლოა, "ათასობით" ადამიანის სიკვდილი აღკვეთა.
აშშ-ის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის გავრცელების ფონია აშშ-სა და რუსეთს შორის მნიშვნელოვნად დაძაბული ურთიერთობა, რამდენიმე საკითხის გამო - მათ შორისაა უკრაინაში რუსეთის აგრესია, მისი როლი სირიის ომში და ცნობები, რომ რუსეთი ჩაერია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, 2016 წელს.