Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს საბერძნეთს


გიორგი მარგველაშვილი და პროკოპის პავლოპულოსი. ათენი, 2018 წლის 8 თებერვალი
გიორგი მარგველაშვილი და პროკოპის პავლოპულოსი. ათენი, 2018 წლის 8 თებერვალი

8 თებერვალს, ათენში გაიმართა საქართველოს და საბერძნეთის პრეზიდენტების, გიორგი მარგველაშვილის და პროკოპის პავლოპულოსის შეხვედრა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საბერძნეთ-საქართველოს ისტორიული და სტრატეგიული კავშირების გაღრმავების აუცილებლობაზე, რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებსა და უსაფრთხოების საკითხებზე. გიორგი მარგველაშვილმა პროკოპის პავლოპულოსს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. საბერძნეთის პრეზიდენტმა დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ. გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და ასევე, იმ დახმარებისა და თავშესაფრისთვის, რომელიც ათასობით ქართველმა სამშობლოში არსებული ეკონომიკური სირთულეების დროს საბერძნეთში მიიღო. ათენში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ოპოზიციის ლიდერებს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG