რუსეთი სხვადასხვა სახის საფრთხეების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ არის დასახელებული აშშ-ის სადაზვერვო უწყებების მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც 13 თებერვალს გამოქვეყნდა. „გლობალური საფრთხის შეფასების“ ანგარიშში, რომელიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით არის შემუშავებული, ლაპარაკია პრობლემებზე, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება.
„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის განგრძობადი ოკუპაცია და რუსეთის მცდელობები ძირი გამოუთხაროს საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას კვლავაც დარჩება თბილისის სახიფათო მდგომარეობის მთავარ წყაროდ. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, შეეცდება დაბლოკოს ოპოზიცია და შეამციროს ინსტიტუციური შეზღუდვები თავის ძალაუფლებაზე“, - ნათქვამია აშშ-ის სადაზვერვო უწყებების მიერ შემუშავებულ ანგარიშში.