Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსტაფა ემრე ჩაბუქი: მე ხელახლა დავიბადე


მუსტაფა ემრე ჩაბუქი
მუსტაფა ემრე ჩაბუქი

„გუშინდელი დღე იყო ჩემი ხელახლა დაბადების დღე“ - ამის შესახებ დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერმა, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა განაცხადა 20 თებერვალს, რადიო თავისუფლების გადაცემაში, „დილის საუბრებში“ სტუმრობისას. ჩაბუქის შეფასებით, საექსტრადიციო პატიმრობიდან მის გათავისუფლებას ხელი შეუწყო ქართველი უფლებადამცველების, ევროპარლამენტის წევრების და საქართველოში მისთვის ნაცნობი, თუ უცნობი არაერთი ადამიანის მხარდაჭერამ. 19 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა საექსტრადიციო პატიმრობიდან, რომელიც 2017 წლის მაისიდან ჰქონდა შეფარდებული. ჩაბუქის ექსტრადიციას ითხოვს თურქეთის ხელისუფლება, რომელიც დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერს ადანაშაულებს ტერორისტულ საქმიანობაში. 20 თებერვალს, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში კვლავ განაცხადა, რომ 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს, ის პედაგოგია და არა ტერორისტი, ან ტერორიზმის მხარდამჭერი. ჩაბუქის ინფორმაციით, დემირელის კოლეჯს არანაირი კავშირი არ აქვს თურქეთიდან დევნილ, ოპოზიციონერ მოღვაწესთან ფეტულა გიულენთან, რომელიც არ არის კოლეჯის დამფუძნებელი, ან პარტნიორი. ამასთან, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა აღნიშნა, რომ ფეტულა გიულენის მოწოდება ყოველთვის იყო განათლებაზე ზრუნვა და ასეთი მოწოდება, შესაძლოა, ნებისმიერს ჰქონდეს. ჩაბუქის ინფრომაციით, დემირელის კოლეჯის პარტნიორები არიან გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობენ. საექსტრადიციო პატიმრობიდან ჩაბუქის გათავისუფლების მიუხედავად, სასამართლო განხილვის საგნად რჩება თურქეთში მისი ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის საკითხი. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებით, მომდევნო სხდომაზე სასამართლო მოისმენს დაცვის პოზიციას და არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ექსტრადიცია დაუშვებელია. ადვოკატის განმარტებით, თუ საქალაქო სასამართლო ექსტრადიციას დასაშვებად მიიჩნევს, ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში და პარალელურად, მიმართავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა მან დროებითი ღონისძიება გამოიყენოს და ექსტრადიცია შეაჩეროს.

XS
SM
MD
LG