Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი დღეს აღარ შეხვდება ოკუპირებული ახალგორიდან გათავისუფლებულებს


საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აღარ ჩავა სოფელ წილკანში, სადაც 12 საათზე უნდა შეხვედროდა საოკუპაციო ძალების მიერ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად ახალგორში დაკავებულ, იოსებ პავლიაშვილს და ლევან ქუტაშვილს. რადიო თავისუფლებას ომბუდსმენის აპარატში განუცხადეს, რომ პავლიაშვილმა და ქუტაშვილმა დღეს ვერ შეძლეს სახალხო დამცველთან შეხვედრა. რაც შეეხება მედიასაშუალებებით გავრცელებულ ცნობას, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ოჯახს შესაძლოა, დღეს გადასცეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, დილის 11 საათისთვის რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ ჯერჯერობით კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილი, იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი 22 თებერვალს დააკავეს ოკუპირებულ ახალგორში. არჩილ ტატუნაშვილი საეჭვო გარემოებებში გარდაიცვალა, დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, გულის უკმარისობის შედეგად. მისი ცხედარი ოჯახისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა იოსებ პავლიაშვილს და ლევან ქუტაშვილს მხოლოდ 11 მარტს მისცეს თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის უფლება.

XS
SM
MD
LG