Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად საჭიროების შემთხვევაში საჰაერო ტექნიკას გამოიყენებენ


საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოდგილის, ნოდარ კერესელიძის, განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ავიაციასაც გამოიყენებენ.

"ის მონიტორინგის სისტემა, რაც ახლა მუშაობს, მოგვცემს საშუალებას გავაანალიზოთ და, თუკი იქნება ამის საჭიროება, იქნება გამოყენებული”, - განუცხადა ჟურნალისტებს ნოდარ კერესელიძემ აბაშაში, სადაც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებთან ერთად აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შტაბი დაათვალიერა.

მანამდე შტაბში ფაროსანას წინააღმდეგ ავიაციის გამოყენების აუცილებლობაზე ილაპარაკა პარლამენტის წევრმა, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ლაშა დამენიამ. ის არ ეთანხმება მათ, ვინც ფიქრობს, რომ ტყეში, სადაც ტექნიკა ვერ ახერხებს ასვლას და წამლობას, მავნებელს სასათბურე პირობები არა აქვს. დეპუტატის აზრით, ნაკვეთების პარალელურად ტყეებიც უნდა დამუშავდეს, მათ შორის, საჰაერო ტექნიკით.

მანვე ამ მიმართულებით გააკრიტიკა მუნიციპალიტეტების თვითმმართველობები. თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ირწმუნება, რომ მუნიციპალიტეტები შტაბთან ერთად ყველანაირად მზად არიან აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად. მისი თქმით, ამ ეტაპზე მუშაობს მონიტორინგის სისტემა და ხდება მოსახლეობის ინფორმირება. რაც შეეხება შეწამვლას, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ის, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მავნებლის გააქტიურებასთან ერთად, აპრილის ბოლოს ან მაისში დაიწყება.

XS
SM
MD
LG