Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში დააკავეს რამდენიმე ათეული დემონსტრანტი


სპეცრაზმელები აკავებენ საპროტესტო აქციის მონაწილეს. ალმატი, 2018 წლის 10 მაისი
სპეცრაზმელები აკავებენ საპროტესტო აქციის მონაწილეს. ალმატი, 2018 წლის 10 მაისი

ყაზახეთის დედაქალაქ ასატანასა და ქალაქ ალმატიში პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა ძალის გამოყენებით დაშალეს ხელისუფლების მიერ არასანქცირებული, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები. რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ ალმატიში დაკავებულია სულ მცირე 70 ადამიანი. აქციების მონაწილეები მოითხოვდნენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა გათავისუფლებას და პატიმართა წამების შეწყვეტას. ასტანაში აქცია გაიმართა კოსმონავტების ქუჩაზე, სადაც ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს საელჩო მდებარეობს. ალმატის ცენტრში შეკრებილებს თან ჰქონდათ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა ფოტოსურათები. საპროტესტო აქციების ინიციატორი იყო ყაზახეთის ხელისუფლების მიერ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული მოძრაობა „დემოკრატიული არჩევანი,“ რომელიც ყოფილმა ბანკირმა, უცხოეთში მცხოვრებმა მუხტარ აბლიაზოვმა დააფუძნა. საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორთა განცხადებით, აქციები საგანგებოდ დაგეგმეს ყაზახეთში ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტის წინ. ევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფმა უნდა შეაფასოს, რამდენად ასრულებს ყაზახეთის ხელისუფლება ევროკავშირთან თანამშრომლობის პირობებს. მათ შორის ძირითადია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების უზრუნველყოფა. 25 აპრილს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატთა ჯგუფმა ყაზახეთის მთავრობას მოუწოდა, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, უზრუნველყოს სიტყვის, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება და არ შეზღუდოს წვდომა სოციალურ მედიაზე. პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთის უცვლელი ხელმძღვანელია, პოლიტიკური ოპონენტები და უფლებადამცველები ადანაშაულებენ განსხვავებული აზრის და ოპოზიციის დევნაში.

XS
SM
MD
LG