Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 მაისს მსვლელობით აღნიშნავს მხოლოდ ეკლესია


მსვლელობა "ოჯახის სიწმინდის დღის" აღსანიშნავად. თბილისი, 2017 წლის 17 მაისი
მსვლელობა "ოჯახის სიწმინდის დღის" აღსანიშნავად. თბილისი, 2017 წლის 17 მაისი

დღეს თბილისში აღარ გაიმართება "თანასწორობის მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქცია ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. „თანასწორობის მოძრაობამ“ გააუქმა მთავრობის ადმინისტრაციასთან 19 საათზე დაგეგმილი აქცია. ორგანიზაციის განცხადებით, შსს უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაპირდა, თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, როცა რადიკალურმა და ნეონაცისტურმა ჯგუფებმა სცადეს ძალადობა მშვიდობიან დემონსტრანტებზე და 17 მაისისთვისაც უპრეცედენტო მობილიზება გამოაცხადეს, ლგბტ აქტივისტებმა მიიღეს მათთვის უმძიმესი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დათმონ თვითგამოხატვის კონსტიტუციური უფლება. „თანასწორობის მოძრაობის“ გადაწყვეტილებას არ იზიარებს სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი, რომელმაც რამდენიმე მედიასაშუალებას განუცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას ინდივიდუალურად გამართავს. „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ აქციის გაუქმების შემდეგ კონტრაქცია გააუქმა „ქართულმა მარშმა.“ კონტრაქციას გეგმავდა ნეონაცისტური „ეროვნული ერთობაც.“ 17 მაისს თბილისში გაიმართება საქართველოს ეკლესიის მიერ რამდენიმე წლის წინ დაწესებული, „ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დაცვის დღისადმი“ მიძღვნილი მსვლელობა. 15 მაისს საპატრიარქომ განაცხადა, მსვლელობაში მონაწილეობისგან თავი უნდა შეიკავონ „ადამიანებმა, რომლებიც გამორიჩევიან რადიკალური გამონათქვამებით ან შეურაცხმყოფელი სიტყვებით.“

XS
SM
MD
LG