რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი შეადარა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ისე, რომ ნავალნის გვარი კვლავ არ დაუსახელებია. ვენაში ვიზიტის წინ, პუტინმა ინტერვიუ მისცა ავსტრიის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ORF-ს. ჟურნალისტმა, არმინ ვოლფმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთში ყველაზე ცნობილმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ ვერ შეძლო პრეზიდენტად კენჭი ეყარა და პუტინს ჰკითხა, საჯაროდ რატომ არასდროს ახსენებს ალქსეი ნავალნის სახელს. საპასუხოდ, პუტინმა ისუბრა იმაზე, რომ რუსეთის მსგავსად ევროპასა და აშშ-შიც არიან რადიკალური პოზიციის მქონე მეამბოხეები, რომლებიც საზოგადოებაში არსებული სირთულეებით და პრობლემებით მანიპულირებას ცდილობენ, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებული საკითხებით. პუტინმა მაგალითად მოიყვანა უკრაინა, სადაც ხელისუფლებაში მოსვლამდე ოპოზიციის ერთ-ერთი ლოზუნგი იყო კორუფციასთან ბრძოლა, დღეს კი ყველა, მათ შორის ევროპა უკრაინის მთავრობას აკრიტიკებს იმისთვის, რომ ამ სფეროში ბევრს არაფერს აკეთებს. ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს სიტყვა შეაწყვეტინა და ხელმეორედ ჰკითხა, რატომ არ ახსენებს საჯაროდ ნავალნის სახელს. პუტინმა წამყვანს მიუთითა, რომ ფრაზის დამთავრებას არ აცდის, შემდეგ კი განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს „შეტენონ კიდევ ერთი, მეორე, მესამე, ან მეხუთე სააკაშვილი“ და არ სურთ, რომ „პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდეს სააკაშვილის მეორე, მესამე და მეოთხე გამოცემა.“ ამის შემდეგ, პუტინმა ჟურნალისტს თავადაც მიმართა შეკითხვით: „თქვენ მოგწონთ ასეთი ფიგურები, ვითომდა პოლიტიკური მოღვაწეები?“
პუტინი: არ გვსურს პოლიტიკურ სცენაზე მეორე, მესამე ან მეოთხე გამოცემის სააკაშვილი

ყველაზე პოპულარული
1