Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის ახალ მინისტრთა კაბინეტში ქალებმა კაცებს გადააჭარბეს


„ბიბისი“-ს ცნობით, ესპანეთის სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მინისტრთა კაბინეტში 17 პოსტიდან 11 ქალებმა დაიკავეს. ასეთ მაღალ თანამდებობებზე ქალების დანიშვნის თვალსაზრისით, ეს მთელ ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

1 ივნისს, ესპანეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა მთავრობას პრემიერ-მინისტრის, "სახალხო პარტიის" ლიდერის, მარიანო რახოის ხელმძღვანელობით და პრემიერ-მინისტრად აირჩია სოციალისტი პედრო სანჩესი.

სანჩესის მთავრობაში ქალებმა ჩაიბარეს თავდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა და განათლების მინისტრების პორტფელები, ყოფილი ასტრონავტი კი მეცნიერების მინისტრად დანიშნეს. ესპანეთში სანჩესის მთავრობას უკვე უწოდეს “ფემინისტური კაბინეტი.“ სატელევიზიო გამოსვლაში პედრო სანჩესმა აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა ისეთი ხალხით დაკომპლექტდა, ვინც „იზიარებს პროგრესული საზოგადოების იდეას, რაც განახლებას და პროევროპელობას გულისხმობს.“ სანჩესის განცხადებით, მისი კაბინეტი იმ ცვლილებების ანარეკლია, რომელიც ესპანეთში 8 მარტს წამოიწყო ფემინისტურმა მოძრაობამ. ამ დღეს დაახლოებით ხუთმა მილიონმა ქალმა გააპროტესტა უთანასწორო ხელფასები და გენდერული ძალადობა.

ესპანეთის ისტორიაში პირველად, მინისტრთა კაბინეტის წევრთა 61,1% ქალია. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომლის შემადგენლობის ნახევარი ქალია. ასეთი ქვეყნებია საფრანგეთი, შვედეთი და კანადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG