Accessibility links

ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე რაიონი დააზარალა


გლდანის რაიონში სავაჭრო ობიექტებს ასუფთავებენ. 2018 წლის 12 ივნისი

თბილისში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სამაშველო და დასუფთავების სამსახურების და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ძლიერმა წვიმამ დააზარალა დედაქალაქის რამდენიმე რაიონი. განსაკუთრებით რთული ვითარება იყო გლდანში, სადაც დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები, სავაჭრო ობიექტები, მიწისქვეშა გადასასვლელები და მეტროს სადგურის „ახმეტელის“ შესასვლელი. წყლის ამოტუმბვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სტიქიამ დაანგრია გლდანიდან სოფელ გიორგიწმინდისკენ მიმავალი გზა. ვარკეთილის დასახლებაში რამდენიმე წაქცეულმა ხემ საავტომობილო გზა ჩახერგა და წყალში ჩარჩენილი ავტომანქანებიდან მოქალაქეების ევაკუაცია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს. რთული ვითარება იყო ვაკე-საბურთალოს რაიონშიც. დაიტბორა უნივერსიტეტის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ მიმავალი საავტომობილი გზა. წყალში ჩარჩენილი ავტომანქანები სამაშველო ჯგუფებმა გაიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც განაცხადა, რომ "ნაგავმა და ცელოფნის პარკებმა გაჭედა სანიაღვრე არხები და წყლის ნაკადი ვერ გაედინებოდა." საბურთალოს რაიონში დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფები.

ღამის განმავლობაში სამაშველო სამსახურმა 150-ზე მეტი შეტყობინება მიიღო.

ძლიერი წვიმის გამო, დაიკეტა თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნისკენ მიმავალი ე.წ. ახალი გზა, რომელიც მდინარე ვერეს მიუყვება. 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობისას ყველაზე მძიმე ვითარება სწორედ ქალაქის ამ ნაწილში შეიქმნა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG