Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს


ბიძინა ივანიშვილი და გიორგი მარგველაშვილი. 2013 წლის ოქტომბერი
ბიძინა ივანიშვილი და გიორგი მარგველაშვილი. 2013 წლის ოქტომბერი

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს, რატომ მიდიან თანამდებობიდან უცბად პრემიერ-მინისტრები, რომლებიც წარმატებულად მიიჩნევიან, რა არგუმენტი დგას ამის უკან და რა პრინციპით და კრიტერიუმებით შეირჩევიან ახალი პრემიერ-მინისტრები. ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე, „საქართველოს ევროპული გზა“ გამოსვლისას მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ უნდა დასრულდეს „რაღაცნაირი მასკარადის პერიოდი, როდესაც უცებ ირჩევიან პრემიერ-მინისტრები და რა პრინციპით ირჩევიან საზოგადოებისთვის, მათ შორის უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია.“

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თუ ვსაუბრობთ ევროპულ არჩევანზე, ევროპის სახელმწიფოებში პრემიერ-მინისტრები არიან მმართველი პარტიის ლიდერები. „შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც საზოგადოებისთვის გასაგებია, და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი პრემიერ-მინისტრის არჩევაზე, რომლის მიმართაც არ გაჩნდება კითხვები რატომ წავიდა თანამდებობიდან და რომელიც პასუხისმგებელია თავის გადაწყვეტილებებზე და გააჩნია ამ გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარების ძალაუფლება“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მოუწოდა პასუხიმგებლიან პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის ყველაზე მეტად მმართველ პარტიას, აიღონ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და პრემიერ-მინისტრად დაასახელონ პარტიის ლიდერი. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მას, როგორც განათლების მინისტრს უმუშავია ბიძინა ივანიშვილთან, როგორც პრემიერ-მინისტრთან და პირადი გამოცდილებით შეუძლია თქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი კარგი პრემიერ-მინისტრი იყო.

XS
SM
MD
LG