თბილისში გაიხსნა ორდღიანი რეგიონული კონფერენცია: „ფული პოლიტიკაში,“ რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორია სახელმწიფო აუდიტის სამსახური. კონფერენციაში მონაწილეობს ფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელი სტრუქტურების 100-ზე მეტი წარმომადგენელი და ექსპერტი მსოფლიოს ათამდე ქვეყნიდან.
კონფერენციის პირველ დღეს ერთ-ერთი განსახილველი საკითხია პოლიტიკაში კრიპტოვალუტის გამოყენება. საქართველოს გენერალური აუდიტორის, ირაკლი მექვაბიშვილის ინფორმაციით, მსგავსი პრეცედენტები საქართველოშიც არსებობს. „კრიპტოვალუტის საკითხი გამჭვირვალობის თვალსაზრისით გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს ამ კუთხით” - განუცხადა ჟურნალისტებს მექვაბიშვილმა.
ორდღიანი რეგიონული კონფერენციის დღის წესრიგშია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყაროები, ეფექტური ფინანსური მონიტორინგი და სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დამკვირვებლის როლი. საქართველოს გენერალური აუდიტორის ინფორმაციით, ინსტიტუციები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და შესაძლოა, ფინასური მონიტორინგის განმახორციელებლმა სტრუქტურებმა ასოციაცია ჩამოაყალიბონ. „თანხების მოძრაობის მონიტორინგის სისტემის გამართულობა ხელს უწყობს პოლიტიკაში არსებული ფინანსების გამჭვირვალობას და სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანო მოწოდებულია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი პოლიტიკაში დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას და პოლიტიკური ფინანსების საჯაროობას. ამ მხრივ, საერთაშორისო გამოცდილების ურთიერგაზიარებას დიდი როლი ენიჭება“ - აღნიშნა ირაკლი მექვაბიშვილმა.