Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იმყოფებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, სადაც შეხვდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2018 წლის თებერვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ ტატუნაშვილების ოჯახს თანადგომა აღუთქვა და განაცხადა, რომ სახელმწიფო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს დამნაშავეთა დასასჯელად. 27 ივნისს, პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში შეხვდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში 2016 წლის მაისში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებსაც და მთავრობის სახელით სრული თანადგომა გამოუცხადა.

26 ივნისს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა და პარლამენტს გაუგზავნა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია,“ რომელშიც შეყვანილია 33 პირი. მათ ბრალად ედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება, წამება და ამ დანაშაულთა დაფარვა. სიაში არიან გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული აფხაზი მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი და არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულები, ოკუპირებული ახალგორის ე.წ პროკურორის თანაშემწე დავით გურწიევი და ე.წ უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსი, ალიკ ტაბოევი.

საპარლამენტო ოპოზიციამ მთავრობა გააკრიტიკა იმის გამო, რომ სიაში არიან გარდაცვლილი პირები და არ არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უშუალოდ აკონტროლებენ ოკუპირებულ რეგიონებს. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს სია საბოლოო არ არის და აუცილებლად გაფართოვდება სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის შედეგად.

XS
SM
MD
LG