Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სამიტი აშშ-ის და ევროკავშირის ურთიერთკრიტიკული შენიშვნების ფონზე იხსნება


ბრიუსელში იწყება ნატოს ორდღიანი სამიტი, რომელშიც მონაწილეობენ ალიანსის წევრი სახელმწიფოების და პარტნიორი ქვეყნების ლიდერები. ბრიუსელის სამიტის დღის წესრიგშია ევროპაში და მის გარშემო უსაფრთხოების განმტკიცება, მათ შორის თავდაცვის და შეკავების საშუალებების გაძლიერებით, სტაბილურობის უზრუნველყოფა, ტერორიზმთან ბრძოლა, ევროკავშირთან პარტნიორობის განმტკიცება, ნატოს მოდერნიზება და ხარჯის უფრო სამართლიანად განაწილება. ბრიუსელის სამიტის წინ, 9 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ყველაზე მეტ თანხას შეერთებული შტატები იხდის, რაც მისივე თქმით, უსამართლო და მიუღებელია. ტრამპის განცხადებით, აშშ თავდაცვისთვის ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ს, ხოლო გერმანია 1%-ს მაშინ, როცა ევროპა ნატოსგან გაცილებით მეტს იღებს ვიდრე აშშ. საპასუხოდ, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა აშშ-ს მოუწოდა, დააფასოს მოკავშირეები, რომლებიც ტუსკის თქმით, არცთუ მრავლად ჰყავს. დონალდ ტუსკის ამ განცხადებამ დონალდ ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია. „ჩვენ ბევრი მოკავშირე გვყავს, მაგრამ არავის მივცემთ უფლებას რომ გამოგვიყენონ, ევროკავშირი კი ჩვენ გვიყენებს“ - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა 10 ივლისს, ბრიუსელში გამგზავრების წინ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG