Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზიმბაბვეში სამი ადამიანი მოკლეს არჩევნების შედეგების გასაპროტესტებელ აქციაზე


ზიმბაბვეში, სულ ცოტა, სამი ადამიანი შეეწირა არჩევნების შემდგომ ძალადობას, როცა უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს დედაქალაქ ჰარარეში შეკრებილ დემონსტრანტებს. აქციაზე აპროტესტებდნენ 30 ივლისს გამართული არჩევნების შედეგებს. საარჩევნო კომისიამ 1 აგვისტოს გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა ერგო მმართველ პარტიას ("ზიმბაბვეს აფრიკული ეროვნული კავშირი - პატრიოტული ფრონტი"). საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადება შაბათისთვისაა მოსალოდნელი. თვითმხილველები ამბობენ, რომ ჰარარეში გამართულ აქციაზე ჯარისკაცები ავტომატის კონდახებს ურტყამდნენ ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებს. გამოყენებულ იქნა ცრემლმდენი გაზი, განათავსეს ჯავშანტექნიკა. გაერო ზიმბაბვეს პოლიტიკურ ლიდერებსა და მოქალაქეებს მოუწოდებს „თავშეკავებისაკენ და ყოველგვარი ძალადობის უარყოფისაკენ“. არჩევნებს ბევრი ადამიანი უკავშირებდა მნიშვნელოვანი ცვლილებების იმედს ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ მუგაბეს 37-წლიანი მმართველობის შემდეგ. მუგაბე, რომლის პრეზიდენტობასაც ჩაგვრა, კორუფცია, ეკონომიკის კატასტროფული მდგომარეობა უკავშირდება, შარშან სამხედრო პუტჩის შედეგად გადადგა. მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულად ისევ მისი და ამჟამინდელი პრეზიდენტის, ემერსონ მნანანგუას პარტია გამოცხადდა. ოპოზიციური პარტიის, „მოძრაობა დემოკრატიული ცვლილებისათვის“, მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ კენჭისყრა გაყალბდა. ამ ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ნელსონ ჩამისა, თავს გამარჯვებულად მიიჩნევს საპრეზიდენტო არჩევნებშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG